სახალხო დამცველის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს

0

სახალხო დამცველი ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია. რომ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს საოკუპაციო ძალებს დაუყოვნებლივ გადმოსცენ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას, რათა მას ჩაუტარდეს სამედიცინო ექპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები და ხანდაზმულობა; ასევე, ითანამშრომლონ საქართველოსთან საქმის ეფექტური გამოძიების მიზნით.
სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი ორი თანასოფლელი (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთიდან).
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მოქალაქის სიცოცხლის სავარაუდო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას.
ტატუნაშვილის შეთხვევა მიანიშნებს, რომ სრულიად დაუცველია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში აკავებენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები. 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე 121 მოქალაქე იყო დაკავებული. რამდენიმე მათგანის მიმართ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ დაიშუროს ძალისხმევა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად”- ნათქვამია განცხადებაში.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თეებერვალს, გაამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი