პროკურატურა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით პროკურორებისთვის დისტანციური სწავლების პროგრამას იწყებს

ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო. ელექტრონული კურსი  HELP–ის პროგრამის მეშვეობით იქნა შემუშავებული, რომელიც იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების სწავლებას ითვალისწინებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და HELP-ის განყოფილების უფროსმა ევა პასტრანამ  გახსნეს.

კურსის ფარგლებში, 22 პროკურორი 3 თვის განმავლობაში სწავლებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გაივლის. სასწავლო პროგრამა მომზადებულია ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ის თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს სტამბოლის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. დისტანციური სწავლების მოდული, თეორიულ მასალებთან ერთად, დატვირთულია პრაქტიკული დავალებებითა და სავარჯიშოებით. კურსის გავლის შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემათ.

ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპის საბჭოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, შსს-ს აკადემიისა და სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს პროკურატურის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამასთან, სისტემაში განათლების თანამედროვე მეთოდებისა და დისტანციური სწავლების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სწავლების ხელმისაწვდომობის ზრდას და რესურსების დაზოგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები