“ობლებისთვის შეგროვებული ფული, ქველმოქმედმა ბურჭულაძემ ქველმოქმედების ვალდებულების მოხსნაში გადაიხადა”

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, ფონდ “იავნანას“ საქმესა და მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შესახებ საუბრობს. მისი რეპლიკა – “რესტორანზე დახურდავებული ღირსება“, წლების განმავლობაში ფონდის საქმიანობას ეხება.

ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, პაატა ბურჭულაძემ 2006 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებისგან 1000 დოლარად გადაცემული 4000 კვ.მ  შენობისთვის სამიდღეშიო ქველმოქმედების ვალდებულების მოხსნაში, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეწირული თანხიდან 100 ათასი დოლარი სააკაშვილის ხელისუფლებას  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაუხადა.

“2012 წლის გაზაფხულზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, საქართველოს დემოკრატიული ძალები სამკვდრო-სასიცოცხლო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი, გავრცელდა სასიხარულო ამბავი, პაატა ბურჭულაძე ხალხის მხარეზე დგება. დიახ, დგება და არა დადგა. რადგან საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ იყო და მსოფლიო ბანთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა. მისი ეს ნაბიჯი უსათუოდ ჩაითვლებოდა ოპოზიციის გამარჯვებად და მნიშვნელოვნად შეარყევდა რეჟიმის მონოლითს, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. იმ პერიოდში, ჯერ კიდევ უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილს ესტუმრა და განუცხადა, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე უარს ამბობს. ეს ამბავი 2012 წლის მაისის ბოლოს მოხდა. ასე დასრულდა პაატას სულის მონადირების პარტია სააკაშვილის სასარგებლოდ. ეს ისტორია გამახსენდა, როდესაც ფონდ “იავნანას“ ფინანსურ მაქინაციებზე ფილმს ვაკეთებდით. ხალხის ნების საწინააღმდეგო სვლას გამართლებას ვერ ვუძებნიდი. ბურჭულაძესა და რეჟიმს შორის კავშირის ერთადერთი დასტური ხიფათის არსიყვარულის თანდაყოლილი თვისების გარდა, მხოლოდ გიგი უგულავას ნაჩუქარი საათი გახლდათ. ეს კი მსოფლიო ბანის საყოველთაოდ ცნობილი მადის გათვალისწინებით ნამდვილად ვერ გამოდგებოდა 30 ვერცხლად, მაგრამ მასალებში ღრმად ჩახედვამ  მოულოდნელი და საძაგელი ღალატის სურათი დაგვანახა.

საქმე ისაა, რომ 2006 წელს პაატა ბურჭულაძეს სააკაშვილის ხელისუფლებისგან 1000 დოლარად გადაეცა 4000 კვადრატული მეტრი შენობა დიდუბეში, იმ პირობით, რომ მას მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებისათვის გამოიყენებდა. ამ პირობის გაუქმების ნებართვა კი 2012 წლის ივლისში ხალხის გვერდით დადგომაზე უარის სანაცვლოდ მიიღო, ამავე ხალხის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული 100 ათასი დოლარიც გადაიხადა, რათა მსუყე ნაჭერი თავისუფლად აეთვისებინა და ასეც მოხდა. დღეს იმ შენობაში რესტორანი და მაღაზიები ფუნქციონირებს. არაფერი მოგჩვენებიათ, ობლებისთვის ხალხის მიერ შეგროვილი ფული დიდმა ქველმოქმედმა სწორედაც რომ ქველმოქმედების ვალდებულების მოხსნაში გადაიხადა.

დიახ, თან “ოცნებას“ ელაპარაკებოდა და თურმე ხალხის ზურგს უკან მიშას ევაჭრებოდა და გამოივაჭრა კიდეც უღირსობის უფლება. ოღონდ ჟანრის კანონების საწინააღმდეგოდ მისმა მარჯვენამ ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა მარცხენა.

ეჭვი მაქვს, ყურს არ უჯერებთ. მეც იგივე დამემართა და კიდევ უფრო დეტალურად გეტყვით: პაატაა ბურჭულაძეს სახელმწიფომ 4000 კვ მეტრი უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად საჩუქრად გადასცა ერთადერთი პირობით, ეს შენობა სამიდღეშიო მხოლოდ ქველმოქმედებისთვის ანუ სიკეთის კეთების მიზნბით გამოეყენებინა.

ბურჭულაძემ კი 100 ათასი დოლარი მხოლოდ იმაში დაუმატა სააკაშვილს, რომ ეს ფართი გაჭირვებულებს აღარ მოხმარებოდა და ის 100 ათასიც რაც სიკეთის კეთების ვალდებულების მოხსნაში გადაიხადა მთელი საქართველოს მასშტაბით განთესილი შესაწირი ყუთებიდან ამოხაპა. ოღონდ ინსკასაციამდე რაც მოტეხა იქიდან კი არა, შემოსავალში რომ ნიორში ქერქი აჩვენა სწორედ იქიდან.

მესამე რაიხის დამხობის შემდეგ თომას მანმა გენიალური გერმანელი დირიჟორი ვილჰელმ ფურტვენგლერი იმაში დაადანაშაულა, რომ იგი ნაცისტებისთვის კონცერტებს მართავდა. მსოფლიოს უდიდესი მუსიკოსი კი სიცოცხლის ბოლომდე იმართლებდა თავს, რომ იგი არა ნაცისტებს, არამედ ვაგნერს და ბეთჰოვენს ემსახურებოდა, მაგრამ ვერ ჩამოირეცხა ეს ლაქა. ვერ დაიბანა ხელი, რომელიც მან აღფრთოვანებულ იოზებ გებერს ჩამოართვა ფიუერის დაბადების დღის საზეიმო კონცერტზე. დანაშაულებრივი ორგანიზაციის საზეიმო კონცერტში მონაწილეობა არ ეპატია ვილჰელმ ფურტვენგლერს და არც ანიტა რაჭველიშვილს ეპატიება, არც შვიდკაცას და არც სხვა რომელიმე ხელოვანს, რადგან „იავნანას“ ზეიმზე სიმღერა ყველა იმ ადამიანის უბედურებაზე სიმღერაა, რომელიც ამ ორგანიზაციამ მოატყუა.

…და თუ ქართველი ინტელიგენტის მარადიული ჭმუნვით მაინც ყოყმანობთ იმაზე, მიხვიდეთ თუ არა სამ მარტს ფილარმონიაში, სადაც სააკაშვილის ეპოქის საუკეთესო ტრადიციებში პოტიომკინის სოფლის საზეიმო სანახაობა გაიმართება, მაშინ ის მაინც გაიხსენეთ სად წავა თქვენს სანახავად მოსული ხალხის ფული.

სააკაშვილის ეპოქის საუკეთესო ტრადიცია ვახსენეთ ზემოთ და არც იმ გარემოებამ მოგატყუოთ, გამოძიების დაწყებისთანავე, სპეცრაზმით რომ არ შეუვარდნენ ფონდს ძალოვნები და ძირს არ დაყარეს პერსონალი.

გახსოვდეთ, დემოკრატიაში სამართალი ურმით დადის, მაგრამ აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე ჩერდება დამნაშავის კართან. 5 თვეა გამოძიება მიმდინარეობს და ერთი არგუმენტი არ მოუყვანიათ საჯაროდ ამ ბრალდებების გასაქარწყლებლად.

როცა იქით ეკითხები თვალს არ ახამხამებენ და ხალხის მიერ გაჭირვებულთა დასახმარებლად შეკოწიწებული ფულის ფლანგვას პირად კომფორტსა და და მსოფლიო სახელოვნობო ელიტის ტაშფანდურში ისევ ქველმოქმედებად რაცხავენ უტიფრად.

ხელის ჩამორთმევა იმ კაცისთვის, ვისაც ხელი არ ჩამოერთმევა ზნეობის ნაწილია, მაგრამ მისი აქტიური გათეთრება შეიძლება მარტო მორალურ კატეგორიას საგრძნობლად გაცდეს“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები