“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი”: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწეროს კანონი, რომელიც თავიდან დაარეგულირებს მედიის საკითხებს

“მარეგულირებელ დოკუმენტებში უნდა მოხდეს რეგულირების შემსუბუქება არაეროვნული მაუწყებლებისთვის, რასაც ითხოვს კიდეც “აუდიო ვიზუალური მედიის შესახებ” დირექტივა, მათ შორის პროგრამირებასთან, კომერციულ რეკლამასა და სპონსორობასთან დაკავშირებით”,-ამის შესახებ “მაუწყებელთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. რეგიონული მაუწყებლების წარმომადგენლები ხელისუფლებას გარკვეული მოთხოვნით მიმართავენ.

ისინი მმართველ გუნდს აუდიო-ვიზუალური მედიის განვითარების სტრატეგიის შესანარჩუნებლად, ქვეყანაში ფართო სამუშაო ჯგუფის შექმნას სთხოვენ.

“მოვითხოვთ, მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ასახვა აუდიო-ვიზუალური მედიის მარეგულირებელ კანონმდებლობაში, ბაზრის კვლევის და დეტალური ანალიზის შესაბამისად; მარეგულირებელ დოკუმენტებში უნდა მოხდეს რეგულირების შემსუბუქება არაეროვნული მაუწყებლებისთვის, რასაც ითხოვს კიდეც “აუდიო-ვიზუალური მედიის შესახებ” დირექტივა, მათ შორის პროგრამირების, კომერციულ რეკლამასა და სპონსორობასთან დაკავშირებით; საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია პარტნიორ ქვეყნებში მიიჩნეოდეს ევროპულ პროდუქტად; ბიზნესის განვითარების ინიციატივები, როგორიც არის მაგალითად, “აწარმოე საქართველოში” უნდა მოიცავდეს და პირველ რიგში, უნდა ეხებოდეს აუდიო-ვიზუალურ წარმოებას; უნდა შემუშავდეს აუდიო-ვიზუალური წარმოებისთვის საგადასახადო შეღავათები”, – ნათქვამია “მაუწყებელთა ალიანსის” მიმართვაში.

პრესკონფერენციაზე რეგიონული მაუწყებლების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებაც დააფიქსირეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ტელეკომპანია “რიონის” გენერალური დირექტორის, თამარ ღვინიანიძის შეფასებით, კანონის მიღებით, ხელისუფლებამ “პოლიტიკური თამაში მოიგო”.

ბათუმის „ტელეკომპანია 25-ე“ არხის გენერალური დირექტორის, მურთაზ ფრანგულაშვილის განცხადებით კი, მიღებული კანონით, აჭარის ტელევიზიას უკვე რეკლამის გაყიდვის პრობლემა აღარ ექნება, რაც დემპინგური გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა.
“იმ შემთხვევაში, თუ აჭარის ტელევიზია რეკლამას გაყიდის, ჩვენ მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დავდგებით, ვინაიდან აჭარის ტელევიზიას რეკლამის ფასის შემცირება შეუძლია და ჩვენ ამას კონკურენციას ვერ გავუწევთ”, – განაცხადა ფრანგულაშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მედიაორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გამოსავალი არის კანონის შეცვლა. მათი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწეროს კანონი, რომელიც თავიდან დაარეგულირებს მედიის საკითხებს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ ყველა საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები