“საგადასახადო ლიბერალიზაცია წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს”

„საგადასახადო ლიბერალიზაცია და საგადასახადო კოდექსის შემდგომი სრულყოფა წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს“, – ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობის სხდომაზე დღეს გაჟღერებულ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტს.

როგორც „კვირასთან“ საუბრისას ლევან კალანდაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილებათა პაკეტით, ბიზნესსტრუქტურებს და კომპანიებს შეექმნათ გამარტივებული აღრიცხვა-ანგარიშგების გარემო.
ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ საგადასახადო ლიბერალიზაციის შედეგად, ბიზნესმენისთვის ფინანსებზე წვდომის გაზრდის თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია.

ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული ცვლილებათა პაკეტის გათვალისწინებით, ბიზნესმენს საშუალება ექმნება, მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და შესაბამისად, მეტი ადამიანი დაასაქმოს.
მისივე თქმით, ქვეყანაში სოციალური დაცულობის ხარისხის გაძლიერების კუთხით, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
„ბუნებრივია, საგადასახადო ლიბერალიზაცია და საგადასახადო კოდექსის შემდგომი სრულყოფა წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ თვალსაზრისით, აქცენტების დასმა ბიზნესისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნაზე ბუნებრივია, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. მთავარი არის, როგორც ფინანსთა მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს დაანონსებული ცვლილებები, არის გარკვეული გაგრძელება და კონცეპტუალურად, სწორად ჩამოყალიბებული ხედვა, იმისთვის რომ, ერთის მხრივ ბიზნესსტრუქტურებს და კომპანიებს შეექმნათ გამარტივებული აღრიცხვა-ანგარიშგების გარემო და მეორე მხრივ, ფინანსებზე წვდომის გაზრდის თვალსაზრისით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.
ანუ, რაც უფრო მეტი ფული რჩება ბიზნესმენს, მით უფრო მეტი განვითარების საშუალება ეძლევა, მით უფრო მეტია ალბათობა სამუშაო ადგილების შექმნისა და თავის ქვეყანაში სოციალური დაცულობის ხარისხის გაძლიერების კუთხით, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.

გარდა ამისა, ერთის მხრივ, ის რომ ბიზნესის ადმინისტრირების ნაწილში, მათ შორის დღგ-ს ადმინისტრირების ნაწილში, გარკვეული საშეღავათო რეჟიმი მყარდება აქციზის გადასახადის უკანდაბრუნების თვალსაზრისით, უკეთესი პირობები ექმნება ბიზნესს, ამავდროულად, მათი ინიციატივებები, რაც გაჟღერებული იყო და ეხებოდა უშუალოდ საწარმოების დაბეგვრის რეჟიმის შეცვლასა და 5 პროცენტიანი ბრუნვის გადასახადის 1 პროცენტიანამდე ჩამოწევას, ეს საბოლოო ჯამში, არის კარგი სასტარტო პირობა იმისთვის, რომ სამომავლოდ ბიზნესისთვის კიდევ უფრო გამარტივებული რეჟიმი შეიქმნას. აქედან გამომდინარე, თავად ეკონომიური განვითარების კურსი უფრო მეტად იქნება იმ გამოწვევებზე მორგებული, რომელიც ერთის მხრივ, თავად ბიზნესს აქვს და მეორის მხრივ – სახელმწიფოს.
ამ შემთხვევაში ბალანსის პოლიტიკა, სახელმწიფო ინტერესის გატარების პოლიტიკა, არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ ამავდროულად, ამ ბალანსის შემავსებელი თემაა, თავად ბიზნესის გაძლიერების საკითხი.
საბოლოო ჯამში კონფცეტუალურად სწორად არის ჩამოყალიბებული ხედვები. ეს ინიციატივები ძალიან კარგია. ამ რეფორმების შემდგომი გაგრძელება სამომავლოდაც უნდა განხორციელდეს. ეს არ უნდა იყოს სასტარტო პროცესი, ეს უნდა იყოს რაღაცის დასაწყისი და მომავალშიც, – საგადასახდო პოლიტიკის, ბიზნესგარემოს შემდგომი გაძლიერება. სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ ამ ინტერსებზე უნდა იყოს მორგებული, რაც საბოლოოდ, ბიზნესის შემდგომ გაძლიერებას გულისხმობს“ – განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ცნობისათვის, დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წახალისდეს და ის სიკეთე, რაც დაბეგვრის შეღავათიან საგადასახადო რეჟიმის შემოღებას უკავშირდება, მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში იგრძნონ.
გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა და მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება. მისივე თქმით, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალიც 500 000 ლარს არ აღემატება. თუ აქამდე ეს ზღვარი 100 000 ლარი იყო. ასევე ხუთჯერ მცირდება პირდაპირი გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის 5%-დან 1%-მდე.

„ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან”, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებათა პაკეტი, სადაც „საგადასახადო ლიბერალიზაცია“ იგულისხმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები