პაპუნა უგრეხელიძემ კენიის დელეგაციასთან შეხვედრაზე სახელმწიფო სერვისებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის საკითხები განიხილა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე კენიის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. კენიის ინფორმაციის, ტექნოლოგიების და კომუნიკაციის მინისტრ ჯო მუჩეროსთან, ენერგეტიკის მინისტრ ჰონ ჩარლს კეტერისთან და BitPesa-ს დამფუძნებელთან ელიზაბეტ როსსიელოსთან შეხვედრაზე პაპუნა უგრეხელიძემ  სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის საკითხები განიხილა.

მან დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის დანერგვის გამოცდილების, ზოგადად  პროექტის სარგებლის  შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, როგორც პაპუნა უგრეხელიძემ განაცხადა, ბლოკჩეინში ინტეგრირება  უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომსა და გამჭვირვალეს ხდის. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო  პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში  ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა და  2017 წლის 20 თებერვლიდან დღემდე სისტემაში უკვე მილიონამდე ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.

შეხვედრაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის პროექტის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. კერძოდ, აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი ამჟამად  უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში გონიერი კონტრაქტების,  ე.წ.  სმარტ კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.  პაპუნა უგრეხელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ბლოკჩეინში  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაიურიდიული პირების) რეესტრის სერვისების ინტეგრირების იდეის დამუშავებაც.

კენიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ Doing Business რეიტინგში საქართველოს წარმატების გზითაც. პაპუნა უგრეხელიძემ ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით მარტივი, სწრაფი და იაფი მომსახურების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ  მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- Doing Business 2018 შედეგების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის, ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით საქართველომ მერვედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი, ქვეყანა კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში.

სტუმრებმა მომავალი თანამშრომლობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მათთვის გამოცდილების კვლავაც გაზიარების სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები