გიორგი ხატიძე: ვეტოს დაძლევა არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ და ვფიქრობ, რომ დღეს კენჭს ვუყრით ვერსიას, რომელიც წარვუდგინეთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად – ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ხატიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ვეტოს დაძლევა უმრავლესობის თვითმიზანს არ წარმოადგენს.

“ჩვენ განვიხილეთ შენიშვნები, თუმცა ის არგუმენტები, რაც წარმოდგენილი იყო, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ განსხვავებულ პოზიციაზე შევჯერებულიყავით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ დინამიკაში ამ კანონს, როგორ იმუშავებს, როგორ მოხდება მისი აღსრულება და თუ დაკვირვების შემდგომ წარმოიშვა სურათი, რომ იმ ცვლილებების შედეგად, რა ცვლილებებიც იქნება მიღებული, გარკვეულწილად ნეგატიურად აისახება კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ მაუწყებელ კომპანიებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ, შემდგომ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ და თუ საჭირო გახდა მართლზომიერად, ლეგიტიმურად შეგვიძლია გარკვეულ საკითხებს უფრო სიღრმისეულად მივუბრუნდეთ და შესაბამისად გარკვეული ცვლილებები განვახორციელოთ. ერთია თავად კანონი, არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით და მეორე, ის აღსრულების და შესრულების მექანიზმები, რომელიც კანონს თან ახლავს. ამიტომ დინამიკაში აუცილებელია ამ კანონს დავაკვირდეთ როგორ სრულდება და თუ ამ ცვლილებებმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ ტელევიზიებზე, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებს კიდევ მივუბრუნდეთ და გარკვეულწილად, შესაბამისი სავარაუდო ცვლილებები განვახორციელოთ”, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი სიღრმისეულად უნდა განიხილონ: “ამ ეტაპზე რა სურათიც გვაქვს არის ის, რომ კანონპროექტი არის სიღრმისეულად განხილული, საკმაოდ სიღრმისეულად ვიმსჯელეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. კომერციული ტელევიზიების, საზოგადოებრივი სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. დღეს წარმოდგენილი პროექტი რაც არის, არანაირად, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ არის მიმართული იქით, რომ რამე ნეგატიური ეფექტი მოახდინოს კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ მაუწყებელ კომპანიებზე. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს. მაგრამ ბუნებრივი პროცესია ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით. აუცილებელია ყველაფერს დავაკვირდეთ დინამიკაში და თუ ისეთი სურათი დავინახეთ, რომ ამ ცვლილებებმა რამე სახით ნეგატიური ასახვა ჰპოვა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივუბრუნდეთ ამ საკითხს”, – განაცხადა ხატიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები