ეკა ბესელია: ბავშვთა უკეთესი მომავლისთვის სამართლებრივი გარანტიების შესაქმნელად ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა

„ბავშვთა უფლებების დაცვის, მათი ძალადობისაგან დაცვისა და უკეთესი მომავლისთვის სამართლებრივი გარანტიების შესაქმნელად, 2013 წლიდან, ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა”,-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მუნიციპალიტეტების წარმომადგნელებთან გამართულ შეხვედრაზე: „სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დაძლევისა და კეთილდღეობისთვის”.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტი იუსტიციის სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და  მთავრობასთან აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ დაძლეული  იქნას დღეს არსებული გამოწვევები. მისივე თქმით, ამ პროცესში მუნიციპალიტეტებთან ერთად საერთო პრობლემების სიღრმისეული გააზრება და მომავლის კარგად დაგეგმვა უფრო უკეთესი შედეგის მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა 2016 მიღებულ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე”, 2016 წლის მთავრობის დადგენილებაზე, რომელიც  ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დადგენას ეხება და ასევე, იმავე წელს მიღებულ და მხარდაჭერილ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონზე.

ეკა ბესელიას განცხადებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმა ორი წლის განმავლობაში მზადდებოდა მთავრობასთან და გაერის ბავშვთა ფონდთან ერთად. მისივე თქმით, ეს პროცესი 2014 წლამდეც იყო დაწყებული, თუმცა მისი  ტრანსფორმირება და უფრო სწრაფ რეჟიმში გადაყვანა  2014 წლიდან მოხდა და ორი წლისთავზე მიღებული იქნა ძალიან დიდი რეფორმა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა პრაქტიკულად ყველა სამინისტრო და მუნიციპალიტეტი.

„ეს არის საუკეთესო სტანდარტი, ისეთი, როგორიც აქვს დღეს ევროპის მართლაც გამორჩეულ ქვეყნებს და ეს არის ის საუკეთესო სერვისი, რომელიც შესაძლებელია მიიღონ ბავშვებმა. ეს არის  ხვალინდელი უკეთესი მომავლის გარანტი”,-აღნიშნა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი  და ცენტრალური ხელსუფლების კარგ და კოორდინირებულ ქმედებას  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან   მუნიციპალიტეტები ახორციელებენ სწორედ სკოლამდელი დაწესებულებებში  ამ რეფორმის  თითოეულ ბავშვამდე მიტანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონში, რომელიც პირველად შეიქმნა,

ცალკე გამოიყო  მე-6 მუხლი – ბავშვთა დაცვის ნაწილი, რომელშიც განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა აკრძალული უნდა იყოს.

ეკა ბესელიამ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის ცალკეულ კომპონენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთხწლიანი რეფორმა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

„ამ მხრივ გადავდგით მართლაც ძალიან თამამი და გაბედულ ნაბიჯი. ახლა გვჭირდება ამ რეფორმის წარმატებით განხორციელება. ეს ვერ მოხდება ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი ფორმატია, სადაც შესაძლებელია, რომ გამოცდილება, ხედვა, პრობლემები, მოსაზრებები, იდეები გავუზიაროთ ერთმანეთს, დავინახოთ სად გვაქვს მეტი პროგრესი, სად ჭირდება მეტი ჩართვა და რესურსები იმისთვის, რომ რეფორმები, რომელიც დავიწყეთ,  შედეგის მომტანი იყოს”,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა  მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო საუკეთესო თანამშრომლობისთვის, რომელიც  ჩვენ გვაქვს მუდმივ პარტნიორებთან  – ევროკავშირთან და გაეროსთან. მათი წვლილი და მათი მხარდაჭერა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ხელშესახები და წლების განმავლობაში კიდევ უფრო მზარდი. მართლაც, მადლიერი ვართ, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ძალიან ბევრი სიკეთე იქნა მიღებული ბავშვებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები