ამირან გამყრელიძე: წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა

“ერთადერთი პრევენციის საშუალება არის აცრა იმ ადამიანების, ვინც არ არის აცრილი წითელას საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში ეს არის ბავშვების ორჯერადი აცრა, ისინი უნდა იყვნენ ორჯერ აცრილები – 1 და 5 წლის ასაკში”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა.
“გუშინდელი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ 1-ელი იანვრიდან უკვე ქვეყანაში წითელათი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. კონცენტრირება, 70-დან 75%-მდე შემთხვევვებისა, აჭარის რეგიონშია და იქ ძალიან ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს. თუმცა, უკვე 30-მდე შემთხვევა გვაქვს თბილისშიც. ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. აჭარაში გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება.
ერთადერთი პრევენციის საშუალება არის აცრა იმ ადამიანების, ვინც არ არის აცრილი წითელას საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში ეს არის ბავშვების ორჯერადი აცრა, ისინი უნდა იყვნენ ორჯერ აცრილები – 1 და 5 წლის ასაკში. აცრების ჩავარდნის მაღალი პროცენტი გვაქვს 15-20 წლიდან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ და მაშინ მოგეხსენებათ, აცრებთან მიმართულებით ბევრი პრობლემა იყო ქვეყანაში. 2008 წელსაც იყო ძლიერი ჩავარდნა. სწორედ 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში კამპანია ტარდებოდა და წითელას საწინააღმდეგოდ მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, ერთმა არასწორად გაკეთებულმა სიუჟეტმა ჩააგდო ეს კამპანია და მილიონის ნაცვლად აიცრა 450 000 ადამიანი. მაშინ მილიონი ადამიანი რომ აცრილიყო, დღეს ქვეყანაში ეს პრობლემები არ იქნებოდა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიექტორი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, რომ გადაამოწმონ შვილების აცრის სტატუსი. ასევე, მიმართავს 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებს, თუ არ იციან აცრის სტატუსი, მივიდნენ პოლიკლინიკაში და წითელას საწინააღმდეგო ერთი დამატებითი აცრა გაიკეთონ. გამყრელიძე სამედიცინო პერსონალსაც მიმართავს, რომ აცრა გაიკეთონ.
ის ყურადღებას ამახვილებს ქალებზე, ვინც შვილის გაჩენას აპირებს და აცხადებს, რომ ორსულობის დროს წითელას ვირუსი ნაყოფზე სერიოზულად მოქმედებს.
“წითელას ვირუსი საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ნაყოფზე. თუ ორსულობის პერიოდში ქალბატონს წითელა დაემართა, ნაყოფის დაზიანების ალბათობა მაღალია. აქედან გამომდინარე, თუ აპირებთ დაფეხმძიმებას, არ იცით, ან არ გახსოვთ გადატანილი გაქვთ თუ არა წითელა, გთხოვთ, აუცილებლად მიბრანდეთ პოლიკლინიკაში და აიცრათ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები