არჩილ თალაკვაძე: „მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი ლობისტი არის საზოგადოება

„ნინო ჯანგირაშვილმა პრაქტიკულად, შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დეპუტატები, ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები გადაწყვეტილებას პარლამენტში მსჯელობისა და განხილვის საფუძველზე კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ მექანიკურად. ეს ასე არ არის”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ტელეკომპანია „კავკასიის” ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს ლობირებს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ პირობა შეასრულა და კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან უკვე მეორედ გამართა.  მისი განცხადებით,  კენჭისყრის შედეგები მეტყველებს, რომ კანონპროექტის შესახებ განსხვავებული პოზიციები სწორედ უმრავლესობაში დაფიქსირდა.

„ირაკლი კობახიძემ შეასრულა პირობა, რომ მედიის წარმომადგენლებთან გამართავდა შეხვედრას და იმსჯელებდა კანონპროექტთან დაკავშირებით. დღეს უკვე მეორე შეხვედრაა, როდესაც პირადად ხვდება მედიის წარმომადგენლებს. ვადევნებდი თვალს დღეს გამართულ დისკუსიას და ის ვარაუდი, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა ირაკლი კობახიძის მითითებით მისცეს რომელიმე კანონპროექტს ხმა, არ არის მართალი. თუ  ნახავთ კენჭისყრის შედეგებს, მიხვდებით, რომ სწორედ უმრავლესობის ფარგლებში იქნა დაფიქსირებული განსხვავებული პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ნინო ჯანგირაშვილის რეპლიკას და კომენტარს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის შეურაცხყოფა დეპუტატებისთვის. მან, პრაქტიკულად, შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დეპუტატები, ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები მსჯელობის, განხილვის საფუძველზე კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ მექანიკურად. ეს ასე არ არის და სწორედ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულმა დისკუსიამ,  უმრავლესობის შიგნით განსხვავებულმა მოსაზრებებმა დაადასტურა, რომ ასე ნამდვილად არ არის. შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ დავეთანხმები შეფასებებში”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დღეს გამართული შეხვედრისას, მას ეჭვი გაუჩნდა, რომ მედიის გარკვეული წარმომადგენლები მედიაპლურალიზმის მომხრენი არ არიან.

„ვადევნებდი რა, თვალყურს დღევანდელ განხილვას, მე პირადად, მიჩნდება ეჭვი, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არა კიდევ ერთი ძლიერი მაუწყებლის, კიდევ ერთი ტელევიზიის მომხრე და მედია პლურალიზმის მომხრეა, არამედ, პირიქით, არ სურთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს თანამედროვე, ეფექტური და რეიტინგული ტელევიზია, ვინაიდან, ის რეფორმები, რომელსაც  მხარს ვუჭერთ უმრავლესობის შიგნით,  ზუსტად მიმართულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ჰქონდეთ კონკურენტული ხელფასები,  კარგი სამუშაო პირობები, კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ეს ტელევიზია იყოს სწრაფი, ეფექტური და რეიტინგული”,- განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრაზე სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე, ნინო ჯანგირაშვილმა თავისუფალ ბაზარზე სარეკლამო კონკურენციასა და ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას მხარი დაუჭირა.

„ნინო ჯანგირაშვილი იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც, თავის დროზე,  თავისუფალ ბაზარზე სარეკლამო კონკურენციას და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას მხარი დაუჭირა, როდესაც სპორტულ გადაცემებს და რეკლამას ეხებოდა საქმე. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ შეიცვალა მან პოზიცია დღეს, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უჩნდება რეალური შესაძლებლობა, იგივე პირობებში, სარეკლამო ბაზარზე შევიდეს როგორც სხვა ტელევიზიები. თუმცა, თუ თქვენ ნახავთ კანონპროექტს, ასევე ნახავთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ მიმართულებითაც მთელი რიგი რეგულაციები აქვს დაწესებული იმისთვის, რომ თანაბარ პირობებში იყოს სხვა მედია საშუალებებთან”,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა. „მონაცემები, რომლებიც ხელთ გვაქვს, ადასტურებს, რომ რეკლამაზე მოთხოვნა არის მეტი, ვიდრე მიწოდების შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ სარეკლამო ბაზარი დღეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მიწოდება იყოს მეტი. თუ ამ მიწოდებას დააკმაყოფილებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, გარკვეული რეგულაციებით, რომელიც ჩადებულია კანონმდებლობაში, ვფიქრობ, ეს არ გამოიწვევს მედიასაშუალებების საქმიანობაში რაიმე ტიპის შეფერხებას. პირიქით, ვფიქრობ, რომ სარეკლამო მოთხოვნაზე უფრო ადეკვატური პასუხი მედიასაშუალებების მხრიდან იქნება უკეთესი მომავალი განვითარებისთვის”,- აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ნინო ჯანგირაშვილის კიდევ ერთ განცხადებასაც, რომელიც ტელეკომპანია „კავკასიის” ხელმძღვანელმა პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ გააკეთა.  „თუ დავაკვირდებით, პარლამენტის თავმჯდომარეზე ასეთი თავდასხმები ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ეს ადამიანი საკუთარი თავდადების და პროფესიონალიზმის ხარჯზე, შეეჭიდა და შეცვალა ისეთი თემები, რომელიც ბევრ წინა პარლამენტის თავმჯდომარეს გაუჭირდა და ვერ დაასრულა, როდესაც მათ სცადეს რეფორმების განხორციელება – იყო ეს საკონსტიტუციო რეფორმა, იყო ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ცვლილებები თუ სხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარი ლობისტი, მხარდამჭერი ამ ცვლილებების არის საზოგადოება, ვინაიდან, საზოგადოებას სურს სწრაფი, ეფექტური და ობიექტური მაუწყებლობა, რომელიც იქნება ყურებადი, რომელსაც ეყოლება ფართო აუდიტორია”,- განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობა საერთო პოზიციაზე ორშაბათს შეჯერდება.

„პირველ რიგში, მინდა, მედიას გადაგიხადოთ მადლობა, რომ გააშუქეთ ის განსხვავებული პოზიციები, რომელიც უმრავლესობის შიგნით იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს განსხვავებული პოზიციები რამდენიმე წარმომადგენელმა არ აღიქვა ჯანსაღად და მათ ამაზე  გარკვეული სპეკულაციები სცადეს. რაც შეეხება ვეტოს განხილვას, ჩვენ ვეტოს კანონით დადგენილი წესით განვიხილავთ. ამ დისკუსიის შედეგებიც, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ორშაბათს გვექნება უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა, სადაც საერთო პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით”,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები