ირაკლი კობახიძე: ყველაზე ღირებულია ინვესტიცია, რომელიც განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ხორციელდება

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით, კომპაქტის ფარგლებში, ჩაიდო ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ყველაზე ღირებული არის ის ინვესტიცია, რომელიც იდება განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2017 წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ და მჭიდრო პარტნიორობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის ფორმატში არსებული თანამშრომლობა საქართველოს მიღწევებს უკავშირდება.

„ვამაყობთ იმ მეგობრული და ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორისაა  ჩამოყალიბებული და მადლიერნი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერა და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან და თანამშრომლობა ათასწლეულის გამოწვევის ფორმატში დაკავშირებულია სწორედ ახალ მიღწევებთან, რომელიც აღინიშნება ჩვენი ქვეყნის მიერ.  ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ მყარი მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაში ის აშშ-ში ვიზიტის განმავლობაშიც დარწმუნდა.

ირაკლი კობახიძემ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობის მნიშვნელობასა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორპორაციის მხარდაჭერით, ინვესტიცია  ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში – განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში განხორციელდა. მისივე თქმით, აღსანიშნავია მიღწეული შედეგებიც.

„ყველაზე ღირებული ინვესტიცია არის ალბათ ის ინვესტიცია, რომელიც იდება განათლებაში, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ მეორე კომპაქტის განხორციელებიდან გამომდინარე. ჩაიდო უმნიშვნელოვანესი ინვესტიციები, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სან-დიეგოს უნივერსიტეტის ფუნქციონირება საქართველოში. სულ რაღაც რამდენიმე წინ, ძნელად თუ წარმოვიდგენდით იმას, რომ ქართველ სტუდენტებს ექნებოდათ ქვეყნიდან გაუსვლელად, საქართველოში ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებს სწორედ ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტებმა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც დიდი მასშტაბით განხორციელდა საქართველოში მეორე კომპაქტის ფარგლებში, ჩაიდო მთლიანობაში 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია ერთჯერადად, ასეთი მასშტაბის ინვესტიცია განათლების სფეროში საქართველოში არასდროს განხორციელებულა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და მის ხელმძღვანელს, მაგდა მაღრაძეს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს,  ჯონათან ნეშს, რომელიც არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომელიც გვაქვს ერთობლივად მეორე კომპაქტის ფარგლებში და გამოვთქვით ძალიან დიდი კმაყოფილება იმით, თუ რა ხორციელდება ამ კომპაქტის საფუძველზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან, ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის ოფისს, მაგდა მაღრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც შესანიშნავად უძღვება იმ საქმეს, რასაც ჰქვია განათლების სფეროში ინვესტიციის სწორად ჩადება და კიდევ ერთხელ გამოვხატავ უდიდეს მადლიერებას ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველდღიურად, პოლიტიკური თვალსაზრისით იქნება ეს თუ ნებისმიერ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ ფონდის მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. მისი თქმით, ფონდის მისია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობაა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოში ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უმსხვილეს გრანტს, 140 მილიონი ამერიკული დოლარის კომპაქტის.  ჩვენი საქმიანობის მიმართ ესოდენ დიდი ინტერესი მოწმობს, რომ დღეს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ემსახურება სწორედ ამ მიზანს, ჩვენი მისია გახლავთ, რომ ხელი შევუწყოთ დღეს საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმას ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის”,- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა. მისი შეფასებით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული.

„ამაყი ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია და მხარს უჭერს  სტუდენტებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური ზრდას შეუწყობენ ხელს. მოგიწოდებთ, ვიფიქროთ თუ როგორ ვითანამშრომლოთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებთან  განათლებისა და დასაქმების გაზრდისა და საქართველოს კეთილდღეობის მიმართულებით, კომპაქტის პროგრამის შედეგების გასაუმჯობესებლად”,- განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ჯენერ ედელმანმა. გამომსვლელებმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობის მნიშვნელობასა და განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები