“მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ნუ გავწირავთ ქვეყნის ისტორიულ მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გერმანიიდან საქართველოს 19 მოქალაქის გამობრუნების საკითხს გამოეხმაურა, რომლებმაც სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარეს. მინისტრის განმარტებით, საქართველოს არაერთი მოქალაქე არაკეთილსინდისიერად იყენებს იმ უდიდეს მიღწევას, რასაც შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქვია.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ შენგენის სივრცეში შეღწევას კეთილი მიზნებისთვის ცდილობდნენ.
მან საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაუფრთხილდნენ ქვეყნის უდიდეს მონაპოვარს – ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას.
„შემიძლია ვივარაუდო, რომ გამობრუნებული პირები სწორედ არიან იმ მიზეზით გამობრუნებულნი, რომ მათ გერმანელი, თუ სხვა ევროპელი მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს, რომ კეთილი მიზნებისთვის ცდილობდნენ შენგენის სივრცეში შეღწევას.
შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ ნუ გავწირავთ ქვეყნის უდიდეს მიღწევას, მე ვიტყოდი, ისტორიულ მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია. მოვუფრთხილდეთ, რადგან ასეთი მიღწევები მრავალი თაობის შრომის შედეგია და ხელის წამოკვრით ნუ მოვეპყრობით ძალიან დიდ წარმატებას. მე ეს ადრეც ვთქვი და ჩემთვის გაუგებარი კრიტიკა დავიმსახურე, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანის ქცევამ, შეიძლება მოიტანოს – მეთქი, ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი. დღევანდელი ახალი ამბავიც ამას ადასტურებს. მათ შორის, გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური ხელისუფლებისადმი მიმართვები, რომ მათ აქვთ იმის აღქმა, საქართველოს მოქალაქეები კარგად არ იქცევიან და შესაბამისად, შეიძლება გარკვეული ზომების მიღებაც მოითხოვონ. ამიტომ, გავფრთხილდეთ და დავიცვათ ის კანონი, რომელი ქვეყნის სივრცეში შეღწევასაც ვცდილობთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები