ფლორიდის საჯარო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელი დაკავებულია
ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლაში, სროლის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. ბოლო მონაცემები დაღუპულების შესახებ, ადგილობრივი შერიფის ოფისმა წარმოადგინა. ინციდენტი „Stoneman Douglas High School“-ში მოხდა. თავდაპირველად, თავდამსხმელმა სახანძრო სიგნალიზაცია ჩართო, რამაც სკოლაში პანიკა გამოიწვია, შემდეგ კი, გაქცეული ადამიანების მიმართულებით, სროლა დაიწყო. შერიფის განცხადებით, მსროლელს ავტომატური შაშხანა და უთვალავი რაოდენობის ტყვია ჰქონდა. მან სროლა ჯერ სკოლის წინ დაიწყო, სადაც სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ სკოლის შენობაში შეიჭრა და კიდევ 12 ადამიანს ესროლა. ორი დაჭრილი საავადმყოფოში დაიღუპა.
როგორც ირკვევა, დაღუპულებს შორის როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უფროსებიც არიან, მათ შორის, ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის კაპიტანი.
ამერიკულმა მედიამ მალევე გაარკვია, რომ თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, 19 წლის ნიკოლას კრუზია. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს შერიფის ოფისშიც. გავრცელდა მისი დაკავების კადრებიც. კრუზი სკოლიდან გაპარვას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ის ჯერ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შემოწმება ჩაუტარეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს გადასცეს. “USA Today” იუწყება, რომ მსროლელი პოლიციისთვის ცნობილი იყო, რადგან ის „ახალგაზრდა რეზერვისტების ფედერალური პროგრამის“ მონაწილე გახლდათ. ამ სკოლიდან კი, კრუზი „დისციპლინის დარღვევის“ გამო გარიცხეს.
შერიფის თქმით, მისი სოციალური ქსელების მონიტორინგი უკვე დაიწყო და ზოგიერთი მისი პოსტი „ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია“.