მიხეილ ჯანელიძემ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილოება. მინისტერიალი ქუვეითში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მინისტერიალის სამუშაო სესიაზე, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მიხეილ ჯანელიძემ კოალიციას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა და დაადასტურა საქართველოს, როგორც კოალიციის წვერი სახელმწიფოს შემდგომი ძალისხმევა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.  მინისტრი მიესალმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებას და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი კოორდინირებული და ერთიანი ქმედებების მნიშვნელობას ტერორიზმის საბოლოოდ დასამარცხებლად.

მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე საქართველოს ტერიტორიაზე სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა მთავრობის მხრიდან რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციას. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მხრიდან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ მოწყვლად რეგიონებში ცალკეული პროექტების ეფექტურ იმპლემენტაციაზე, რაც უზრუნველყოფს ამ ადამიანების აქტიურ ინტეგრაციას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური ინტეგრაცია, განათლების შესაძლებლობების გახსნა  და ინკლუზიური საზოგადოება, ტერორიზმისა და რადიკალიზმის დამარცხების უმთავრესი წინაპირობაა.

გლობალური კოალიციის მინისტერიალი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მინისტერიალზე ღონისძიების მონაწილეებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ გლობალური კოალიციის მიერ გატარებული ქმედებები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კოალიციაში ჩართული სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები