ფოლკლორის ცენტრში როზეტა გუჯეჯიანის ახალი წიგნის – „ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტების“ წარდგენა გაიმართება

14 თებერვალს, 17.00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ისტორიის დოქტორის, თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორის – როზეტა გუჯეჯიანის ახალი წიგნის – „ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტების“ წარდგენა.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრიდან აცნობეს, ნაშრომში წარმოდგენილი ისტორიული რეპრეზენტაცია დიდგორის „ძლევაი საკვირველის“ და „დედა ქართლისა თამარის“ შესახებ უნივერსალურია საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული მხარისთვის;  ეთნოგრაფიულ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, განხილულია რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის – ზემო მაჭახლის, თურქეთის რესპუბლიკის მარმარილოს ზღვის რეგიონის, ნიგალის ხეობის – ეთნიკურ ქართველთა შორის დალექილი ისტორიული და კულტურული მეხსიერების ფაქტები, ბათუმთან დაკავშირებული სოციალურ-კულტურული ასპექტები თურქეთელ ქართველთა ტრადიციულ ყოფაში და სხვა.
როზეტა გუჯეჯიანის სამეცნიერო ინტერესების სფერო ფართო და მრავალმხრივია: ქართული კულტურა, საქართველოს ისტორიული ეთნოლოგია, სვანეთის ტრადიციული კულტურა, რელიგიის ანთროპოლოგია, თურქეთის ქართველთა ტრადიციული ყოფა და კულტურა, თანამედროვე ეთნოკულტურული და სოციოკულტურული პროცესები.
წარდგენა ფოლკლორული ანსამბლების – „მზეთამზეს“ და „ნანინას“ სიმღერების ფონზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები