ჭერემის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჭერემის გვიანი შუა საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი მან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანებით მიიღო.
ჭერემის წმ. გიორგის ეკლესია დგას შუა სოფელში, საეპისკოპოსო ტაძრის ჩრდილოეთით რამდენიმე მეტრში. დარბაზული ნაგებობაა (12.1×7.3 მ). აშენებულია ნატეხი ქვით.
ტაძარს აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო, ხოლო სამხრეთით ორი თაღოვანი სარკმელი აქვს.
საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. სამხრეთის თაღედებში კარ-სარკმლებია გაჭრილი. ტაძრის ორფერდა სახურავის დასავლეთ ნაწილში სამრეკლო ყოფილა დაშენებული. ახლა ის მოშლილია. ტაძრის მორთულობა მწირია: დასავლეთ კედელში სარკმლის ჭრილი ლუნეტის და მის თავზე მოცემული რელიეფური ჯვრითაა გაფორმებული, აღმოსავლეთის ფასადში სარკმლის თავზე რელიეფური ჯვარია, სამხრეთის კედლის მორთულობა კი კარის ტიმპანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები