ჩატაევთან კავშირში ბრალდებული 7 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ახმედ ჩატაევთან კავშირში ბრალდებული 7 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. აღმკვეთის შეცვლის შუამდგომლობა ყველა დაკავებულის ადვოკატმა დააყენა, თუმცა მოსამართლე დავით კურტანიძემ სამოტივაციო ნაწილის განხილვისას აღნიშნა, რომ თითოეულ ბრალდებულთან დაკავშირებით საერთო გარემოებები იკვეთება და მათი გათავისუფლება საფრთხის შემცველი იქნებოდა.

“თითოეულთან დაკავშირებით საერთო გარემოებები იკვეთება, ამიტომ სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შეხედულებას, რომ თითოეულთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. წარმოდგენილია მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უკვე დადასტურებულია, არსებობს მიმალვის საფრთხე, რადგან მკაცრი ბრალდება ხდება მოტივატორი, ამიტომ პატიმრობის შეცვლა გირაოთი რისკის შემცველია” აღნიშნა დავით კურტანიძემ.

აღმკვეთის გადახედვა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

წინა სასამართლო სხდომა 22 მარტს გაიმართება.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები