დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში შექსპირის ტრაგედიების ახალი თარგმანების წარდგენას უმასპინძლებს
15 თებერვალს, 16:00-17:00 საათზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო მანანა ანთაძის მიერ შესრულებული ახალი თარგმანების წარდგენას უმასპინძლებს. ასევე წარმოგიდგენილი იქნება უილიამ შექსპირის სამი ტრაგედიის („იულიუს კეისარი“, „მეფე ლირი“ და „მაკბეთი“) ახლად გამოცემული თარგმანების პირველი ტომი.
როგორც „კვირას“ დიდი ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს, ეს წიგნი, თარგმანის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ქართულ-ბრიტანული კულტურული ურთიერთობების ისტორიაში უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა.
მანანა ანთაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებაში. მის თარგმანებს მაღალ შეფასებას აძლევს ქართული კულტურის მოამაგე, ბრიტანელი ისტორიკოსი და მთარგმნელი დონალდ რეიფილდი, რომელიც თავის ქართულად დაწერილ შთაბეჭდილებებში წერს: „როცა წავიკითხე მანანა ანთაძის თარგმანები, განსაკუთრებით „მეფე ლირი“, საიდანაც არცერთი ცრემლი ანუ ზარის ბიძგი არ დაიკარგა, გავიგე, რომ ახლა შექსპირი ქართულად უცებ ბევრად უფრო მაღალ დონეზე ასულა. ვკითხულობდი, ვადარებდი დედანს და ადრინდელ თარგმანებს. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მანანა ანთაძის ენა გაცილებით ცხადია და თარგმანს საოცარი სიზუსტე აქვს“.
„მანანა ანთაძე ცნობილი მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწეა. მას ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია – უმაღლესი ჯილდო მთარგმნელობით სფეროში, მიენიჭა სწორედ შექსპირის პიესების თარგმნისთვის და მრავალწლიანი, ნაყოფიერი მთარგმნელობითი საქმიანობის გათვალისწინებით.
ქართულ თეატრში მანანა ანთაძის მიერ თარგმნილი პიესები წლების განმავლობაში წარმატებით იდგმება (რეჟისორები: მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გოგი მარგველაშვილი, დავით დოიაშვილი, ზურაბ გეწაძე და სხვა).
მის მიერ თარგმნილ ნაწარმოებებს შორის, ასევე აუცილებლად უნდა დავასახელოთ „ჰარი პოტერის“ პირველი წიგნის მანანა ანთაძისეული თარგმანი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა.
მის მიერ დაარსებული საერთაშორისო თეატრალური ფონდი „თუმანიშვილის ფონდი“ ევროპის ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს დრამატურგიული კონკურსების სფეროში. ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით ლონდონის „როიალ ქორთთანაც“ შედგა ერთობლივი, საინტერესო ქართულ-ბრიტანულ-უკრაინული პროექტი, რომელიც დასრულდა ქართული პიესის დადგმით ლონდონის ამ ცნობილი თეატრის სცენაზე.
სწორედ მანანა ანთაძის თაოსნობით, შექსპირის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე ბარბიკანის ცენტრში წარდგენილი იყო მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული „ზაფხულის ღამის სიზმარი“, რომელიც ფესტივალის საუკეთესო წარმოდგენად აღიარეს. ამ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის მადლობის წერილი მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინცი ჩარლზის სახელზე (რომლის პატრონაჟითაც მოღვაწეობს შექსპირის თეატრი).
ვულოცავთ ქალბატონ მანანა ანთაძეს ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე შემდეგ ტომსაც ვიხილავთ“, – აღნიშნულია საელჩოს მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისამართი: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო, თბილისი, კრწანისის ქუჩა N51.