პროკურატურა ბაბუის მკვლელობაში მსჯავრდებული შვილიშვილისა და მისი მეგობრის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ბაბუის მკვლელობაში მსჯავრდებული შვილიშვილისა და მისი მეგობრის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბრალდებულები გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, გ.გ. და მ.კ., ამ უკანასკნელის პაპის – ჯ.კ.-ს მოკვლის მიზნით ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და დანებით ჯ.კ.-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, ხოლო მას შემდგომ, რაც განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა მ.კ. 2017 წლის 11 მაისს, ხოლო გ.გ. 2017 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) და დანაშაულთა ერთობლიობით თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განაჩენი რამდენიმე დღის წინ გამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები