ქურდული „სხოდკა“ სტამბულში – რატომ ჩავიდნენ თურქეთში ქართველი “კანონიერი ქურდები”?

ქურდული „სხოდკა“ სტამბულში – რატომ ჩავიდნენ თურქეთში ქართველი “კანონიერი ქურდები”? _ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთ “პრაიმტაიმი”.

საქართველოში „კანონიერი ქურდებისა“ და ზოგადად, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, კანონმდებლობა კიდევ უფრო მკაცრდება. შესაბამისად, ქვეყანაში მათი ყოფნის შანსი მინიმალურია, თუ არ ჩავთვლით სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც რამდენიმე „კანონიერი ქურდი“ იხდის სასჯელს, პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ პირდაპირ საზღვრისკენ უთითებენ. მაგალითად, ასე მოხდა მინდია გორაძის (ლავას ოღლი) შემთხვევაში, რომელმაც საპატიმროს დატოვების შემდეგ, ქვეყანა დატოვა და სარფის გავლით თურქეთში გადავიდა.

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ბოლო პერიოდში, თურქეთში „კანონიერი ქურდების“ არნახული კონცენტრაცია ხდება. უცხოურ პრესაში სტამბოლს ქართველი „კანონიერი ქურდების“ ცენტრადაც კი მოიხსენიებენ. ახლა სწორედ იქ წყდება ქურდული სამყაროს ნომერ პირველი თემა – ვინ გახდება კრიმინალური სამყაროს ბოსი? ამ პროცესის ცენტრალური ფიგურა ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის ციხიდან გათავისუფლებული და სტამბოლში დაბანაკებული საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ნადირ სალიფოვია (ლოტი გული). სწორედ გულის სტამბოლის რეზიდენციაში შედგა პირველი მასშტაბური ქურდული „სხოდკა“ შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ.

ამ ეტაპზე ყველაზე მეტი შანსი, გახდეს ბოსების ბოსი, ნადირ სალიფოვს აქვს, თუმცა ცხადია, მას სხვადასხვა კლანის მხარდაჭერა დასჭირდება. ერთ-ერთი ასეთი კლანი გახლავთ „ბერძნების“ სახელით ცნობილი ლაშა შუშანაშვილის დაჯგუფება.

რუსული პრესა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შუშანაშვილის კლანის გავლენიანი წევრები რამდენიმე დღის წინ პირადად სტუმრობდნენ „გულის“ სტამბოლის რეზიდენციას, რაც ორ ძლიერ კლანს შორის გარიგებად მოინათლა. ითქვა, რომ ლაშა შუშანაშვილი და ნადირ სალიფოვი საერთო მტერმა – მერაბ ჯანგველაძემ გააერთიანათ, თუმცა ეს გარიგება შესაძლოა, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ვინაიდან სტამბოლიდან საბერძნეთში დაბრუნებულმა შუშანაშვილის კლანის წევრებმა „გულის“ ახლო გარემოცვიდან რამდენიმე პირი არაქურდად გამოაცხადეს.

მოკლედ, რუსულ პრესას თუ დავუჯერებთ, იანვრის ბოლოს „გულის“ რეზიდენციაში გამართულ ფართო შეხვედრას, სალიფოვის თანამოაზრეების გარდა, ტიტულოვანი დესანტიც ესწრებოდა საბერძნეთიდან. განსაკუთრებულ ყურადღება მიიპყრო თურქეთში გაიოზ ზვიადაძისა და ზაალ მახარობლიძის, იგივე „გლეხოვიჩის“ გამოჩენამ. პრესა სამართალდამცავ უწყებებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. „ბერძნების“ სახელით ცნობილი შუშანაშვილის დაჯგუფების თურქეთში ჩასვლა თავად ლაშა შუშანაშვილის ინიციატივა გახლდათ, თუმცა რთული სათქმელია, რა აქვს ჩაფიქრებული მას. შემთხვევითი არ არის, რომ „ბერძნებმა“ მოინახულეს „გული“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა საბერძნეთში ჩასვლაზე.

პრესა წერს, რომ შეხვედრაზე შუშანაშვილის კლანმა სალიფოვს გაერთიანება შესთავაზა და მეორე მხრიდანაც შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა იქვე განიხილეს რამდენიმე მცირე კონფლიქტი. მაგალითად, გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ წერს, რომ „ბერძნებმა“ გარკვეული პრეტენზიები წაუყენეს სალიფოვის გარემოცვის წევრებს ნიკა დგებუაძეს (გაგრინსკი), გოჩა კევლიშვილს (რუსთავსკი) და მერაბ მზარეულიას (დუიაქი).

„მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, „ბერძნებმა“ სტამბული მეგობრულად დატოვეს და არაფერი მოასწავებდა სიტუაციის გამწვავებას, თუმცა სალიფოვის კლანისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა საბერძნეთში ჩასული შუშანაშვილის დაჯგუფების წევრების განაცხადი, რომლის თანახმადაც ზემოხსენებულ „კანონიერ ქურდებს“ შეჩერებული აქვთ ქურდის სტატუსი“, – წერს „პრაიმ კრაიმი“.

აქედან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, როგორ გაგრძელდება „ბერძნებისა“ და „თურქების“ მეგობრობა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, ვისაც „გულის“ გარემოცვიდან „ბერძნების“ პრეტენზიები არ შეეხო, მისი ძმა ნამიკ სალიფოვი და სერიოგა მოლდავანი გახლავთ.

ფაქტია, რომ სტამბოლის „სხოდკამ“ „გული“ წამგებიან პოზიციაში ჩააყენა, არადა ბოლო პერიოდში ის აქტიურად აფართოებს საკუთარ გავლენებს.

ცნობილია, რომ 45 წლის ნადირ სალიფოვი მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ აზერბაიჯანის ციხიდან 2017 წლის 24 ოქტომბერს გათავისუფლდა და პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ მისი უახლოესი მეგობრის, ელშან მამედოვის საფლავი მოინახულა, რომელიც თბილისში, კერძოდ, ორთაჭალაში 11 სექტემბერს ჩაცხრილეს. მამედოვი აზერბაიჯანშია დაკრძალული. მის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის ორი მოქალაქე ცოტა ხნის წინ სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. მათზე ქართველ სამართალდამცველებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.

გათავისუფლების შემდეგ ნადირ სალიფოვი თურქეთში დასახლდა და პრეტენზია განაცხადა ნომერ პირველ „კანონიერ ქურდობაზე“, ამ მიზნით მან პირველ რიგში აზერბაიჯანული კლანის გაერთიანება სცადა. ახლა ის ცდილობს რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ აზერბაიჯანულ დიასპორაზე საკუთარი გავლენის მოპოვებას. რუსული წყაროების ცნობით, ამ მიზნით მან მოსკოვში გაგზავნა საკუთარი ძმა, ნამიკ სალიფოვი, რომელიც ასევე „კანონიერი ქურდია“. მან იქ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეახსენა, ვინ არის მათი კრიმინალური ბოსი. დიასპორის გავლენიანი წარმომადგენლების უმრავლესობა სალიფოვს პრეტენზიის გარეშე „დანებდა“.

ნადირ სალიფოვის ამბიციებსა და ქურდული სამყაროს ტახტზე ასვლის სურვილს უკვე შეეწირა რამდენიმე „ავტორიტეტი“. მათ შორის, დავით ალხანიშვილი (დათო პანკისკი), რომელიც 2017 წლის დეკემბერში სტამბოლში მოკლეს. ეთნიკურად ჩეჩენი ალხანიშვილი პანკისში დაიბადა. ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ცნობილ ჩეჩენ „კანონიერ ქურდს“ აზიზ ბატუკაევს გაურიგდა.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები