ყოფილი პატიმარი: ფაცაციამ ისე მცემა, სმენა დავკარგე და თირკმელზე 5 ჰემატომა დღემდე მაქვს

0

„ძირს დაგდებულს მუცლისა და მკერდის არეში მირტყამდნენ, ოლეგ ფაცაცია კი, ჩემ თავთან იყო ჩაცუცქული და სახეში მაფურთხებდა“ – ამბობს ყოფილი პატიმარი გენრიხ აროშიძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ინტერვიუში ეხმაურება.
გენრიხ აროშიძე სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების მაღალჩინოსნების საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებულია და იგი, მოწმის სახით, არაერთხელ დაიკითხა.
იგი გამოცემასთან ინტერვიუში წარსულს იხსენებს და დეტალურად საუბრობს, ყოფილი ხელისუფლების დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალჩინოსნებზე.
გლდანის ციხის პატიმრებს ჩვეულებრივ ტონალობაში საუბარი აკრძალული გვქონდა, ჩურჩულით ვსაუბრობდით. ერთხელაც, ჩვენი საკნის კარს ციხის თანამშრომელი მოადგა და ე.წ. კარმუშკიდან შემოგვძახა – „რა დღეში ხართო? რამხელა ხმაზე ლაპარაკობთო?“
რაზეც ჩემმა თანასაკნელმა უთხრა, მე ვიყავიო და ბოდიში მოუხადა. ბოდიშს გინებით უპასუხა და დაგვემუქრა – ახლა ნახავთ, რაც დაგემართებათო. კარანტინში ჩაგვიყვანეს და გისოსებიან პატარა საკანში ე.წ. ფუქსებში მოგვათავსეს. ჩემს თანასაკნელს გაუმართლდა, – კარანტინში მისი ნაცნობი მუშაობდა, რომელმაც წამებას გადაარჩინა. აი, მე კი, ისე გამისწორდნენ, რომ ფაქტობრივად, დამაინვალიდეს. ცემის შედეგად სმენა დავკარგე, მარცხენა თირკმელში დღემდე 5 ჰემატომა მაქვს. მიბრძანეს, ტანსაცმელი გამეხადა, მთლიანად გამაშიშვლეს და უშუალოდ ფაცაციამ დამიწყო ცემა, შემდეგ ბევრი დამესია, ხელები გამიკავეს, წამაქციეს და „დუბინკებით“ გამისწორდნენ. ძირს დაგდებულს მუცლისა და მკერდის არეში მირტყამდნენ, ოლეგ ფაცაცია კი სახეში მაფურთხებდა. დიახ, ოლეგ ფაცაცია თავთან იყო ჩაცუცუქული, სახეში მაფურთხებდა და უშვერი სიტყვებით მაგინებდა. საერთოდ, სახეში შეფურთხებით პატიმრის ღირსების შელახვა ჯალათი ფაცაციას საყვარელი მეთოდი იყო და ვინც გლდანის ციხეში მჯდარა, ამის შესახებ ყველამ იცის. მოკლედ, დიდხანს მცემდნენ, მერე გონება დავკარგე და აზრზე რომ მოვედი, ხელბორკილით მილზე ვიყავი მიბმული ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, რომელიც არც ფუქსებს ჰგავდა და არც ჩვეულებრივ საკანს, შემდეგ როდესაც თანასაკლელს ეს ვითარება აღვუწერე, მითხრა, მორგში ყოფილხარო“ – ამბობს ყოფილი პატიმარი, რომელიც ვერც კი იხსენებს, თუ რამდენი დღე დაჰყო იმ ოთახში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების ყოფილ მაღალჩინოსნებს, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტზე, განაჩენი გამუტანა. მათ შორის ოთარ ფაცაციას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი