როგორ გამოიყურება ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელი და დატოვა თუ არა მან ქვეყანა – ვერსიები შემზარავ ტრაგედიაზე

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული გამოძიებას ჯერაც არ დაუკავებია. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, ვინ დაჭრა „მხედრიონის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და ვინ გაიმეტა მისი 33 წლის შვილი სასიკვდილოდ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. გახარიას უწყებამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ თავდამსხმელს გუგეშაშვილების ოჯახთან ნაცნობობა აკავშირებდა. ამის თქმის საფუძველს სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების ანალიზი აძლევთ. რა ხდებოდა მკვლელობის ადგილზე და რატომ მივიდა გამოძიება იმ დასკვნამდე, რომ მკვლელი ოჯახს კარგად იცნობდა? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, ვინაიდან მკვლელობის ადგილი დღემდე დალუქულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ტელევიზიებს მიაწოდა ფოტოკადრები, სადაც მკვლელობის ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებია ასახული. ამ ფოტომასალაში რთულია გარკვევა, რა სურათი დახვდათ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, თუმცა ისევ ტელევიზიებისთვის არაოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა კიდეც. ამ ვერსიას ამყარებს მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის დიღმის ტყე-პარკში აღმოჩენილი სისხლის კვალი. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი ამ ადგილამდე ავტომობილით მივიდა და შემთხვევის ადგილიდან იმავე ავტომობილით მიიმალა.
მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პრესასთან დუმილს ამჯობინებს, ამიტომაც შევეცდებით, მათ გარეშე განვიხილოთ რამდენიმე ვერსია. როგორც ირკვევა, თავდასხმა დილის 10:00 საათის შემდეგ მოხდა. მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს. ეს დოდო გუგეშაშვილის ხმა იყო, რომელიც მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. ცნობილია, რომ მკვლელობა მე-13 სართულზე მდებარე ბინაში მოხდა, სადაც დედა-შვილი, დაახლოებით ერთი წლის წინათ, ქირით გადავიდა. მეზობლების მონათხრობით ირკვევა, რომ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი მე-11 სართულამდე ფეხშიშველი ჩავიდა და მეზობლებს დახმარება სთხოვა: „მიშველეთ, შვილი მომიკლა“, – იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი, რომელმაც რამდენიმე წუთში შენიშნა, როგორ ჩაირბინა კიბეებზე პარკით ხელში საშუალოზე ოდნავ მაღალმა მამაკაცმა, რომელსაც თავზე “კაპიუშონი” ეხურა. ვარაუდობენ, რომ მკვლელს, ანაბეჭდები რომ არ დაეტოვებინა, სპეციალური ხელთათმანები ეკეთა, პარკში კი სწორედ ეს და სხვა მსგავსი ნივთმტკიცებები ეწყო.

მეზობლები ჰყვებიან, რომ დოდო გუგეშაშვილმა ჩქარი ნაბიჯით კიბეებზე მიმავალ მამაკაცზე მიუთითათ, – ეს არის მკვლელი, დაიჭირეთო, თუმცა მეზობლებმა თავდამსხმელის შეჩერება ვერ შეძლეს. მან სადარბაზო რამდენიმე წამში დატოვა, თუმცა რამდენიმე თვითმხილველმა მისი სახის დაფიქსირება მოახერხა.

„ჩვენს წინ ჩაირბინა იმ კაცმა. მუქი “კაპიუშონიანი” ქურთუკი ეცვა, “კაპიუშონი” თავზე ჰქონდა მოხურული. საშუალოზე მაღალი, მხარბეჭიანი იყო. ოდნავ მოშვებული წვერით. სათვალე ეკეთა“, – ჰყვებიან გუგეშაშვილების მეზობლები, რომლებმაც უშუალოდ დააფიქსირეს საეჭვო პიროვნება.

ამ ინფორმაციებით გამოდის, რომ დაჭრილმა დოდო გუგეშაშვილმა ბინა თავდამსხმელზე ადრე დატოვა, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ის საკუთარ შვილს მკვლელის პირისპირ არ დატოვებდა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მის წარსულს – მეომარი შვილს მტრის ხელში არ ჩააგდებდა. ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჯერ საძინებელში მყოფ ნოდარ გუგეშაშვილს ესროლა – ერთი ტყვია თავში და ერთიც ზურგში. მას შემდეგ, რაც დოდო გუგეშაშვილმა საპასუხო ცეცხლის გახსნა სცადა, მკვლელმა მისი მისამართითაც გაისროლა და დაჭრა კიდეც. ამის შემდეგ თავდამსხმელი ტოვებს ბინას, თუმცა სადარბაზოში ქვედა სართულზე მეზობლის ხმა შემოესმა, რის გამოც მან მე-13-დან მე-14 სართულზე გადაინაცვლა და დაელოდა, როდის შევიდოდა საკუთარ სახლში გუგეშაშვილების მეზობელი, თუმცა, როგორც ჩანს, მან ვერ გათვალა, რომ დოდო გუგეშაშვილი ცოცხალი იყო და გადაადგილებაც შეეძლო. ის ბინიდან გამოვიდა, ფეხშიშველი ჩავიდა მე-11 სართულამდე და მეზობლებს შველა სთხოვა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი მიხვდა, რომ ზედა სართულზე მიმალვას აზრი აღარ ჰქონდა და შესაძლოა, ის კუთხეში მოემწყვდიათ. როდესაც გაიგო, რომ მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, მან გაქცევა გადაწყვიტა. მე-14 სართულიდან კიბეებზე ფეხით ჩაირბინა და სწორედ ამ დროს, მე-11 სართულზე მყოფმა დოდო გუგეშაშვილმაც და მისმა მეზობლებმაც დააფიქსირეს.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ორიოდე წუთში მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ქვეყნის დატოვებაც იმავე დღეს მოახერხა, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება. ვარაუდობენ, რომ მკვლელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გავლით გაიქცა.

და რა გახდა მკვლელობის მიზეზი? საზოგადოების ნაწილი მომხდარს დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობას უკავშირებს. ერთი ვერსიით, ეს ჯერ კიდევ „მხედრიონის“ დროინდელი შურისძიებაა, მეორე ვერსიით კი, მომხდარი შესაძლოა, დოდო გუგეშაშვილის უკრაინაში მოღვაწეობას უკავშირდებოდეს. როგორც ცნობილია, 2014 წლიდან ის დონბასში სამჯერ იმყოფებოდა და რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა ითქვა ისიც, რომ თანამებრძოლებთან მას გარკვეული უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც უკრაინიდან წამოსვლა გადაწყვიტა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დოდო გუგეშაშვილი რუსეთმა შავ სიაში შეიყვანა და, როგორც პერსონა ნონ გრატას, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

კიდევ ერთი და ყველაზე დამაჯერებელი ვერსიით კი, მკვლელობის სამიზნე უშუალოდ ნოდარ გუგეშაშვილი იყო, მოტივად, წარსულში გოგოს გამო მომხდარი კონფლიქტი სახელდება. ამის შესახებ მედიასთან გარდაცვლილის მეგობრებიც საუბრობენ. მაგალითად, „ნიუპოსტთან“ საუბრისას, ერთ-ერთი მათგანი ანონიმურობის დაცვით, ამ კონფლიქტის დეტალებს იხსენებს. მისი ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევი პირია და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

„ვერავინ ვიფიქრებდით, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძველ წყენას გაიხსენებდა და მოკლავდა. უბანში ყველას ახსოვს 8-10 წლის წინათ გოგოს გამო მომხდარი დაპირისპირება. თითქოს მაშინ ყველაფერი დალაგდა, მკვლელმა სხვა დანაშაულისთვის სასჯელიც მოიხადა, ციხის დატოვების შემდეგ კი, როგორც ჩანს, შური იძია. დამნაშავე სამართალდამცავებს ისევე, როგორც ჩვენ, იდენტიფიცირებული გვყავს და ახლა მისი ადგილსამყოფლის დადგენას ვცდილობთ. მის საცხოვრებელ სახლში 7 თებერვალსვე ავედით, თუმცა დედამ გვითხრა, რომ შინ არ იყო“, – ამბობს გუგეშაშვილის მეგობარი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მოკლედ, ვერსია ბევრია. ახლა გუგეშაშვილების ახლობლებიც და მედიაც გამოძიების საბოლოო დასკვნას ელოდებიან და პასუხს კითხვაზე: რეალურად ვინ გაუსწორდა დედა-შვილს?

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები