წიგნის სახლში დინა მირცხულავას წიგნის – „მზეზე გაფენილი ამბების“ პრეზენტაცია გაიმართა

„მზეზე გაფენილი ამბები” – ასე უწოდა მწერალმა დინა მირცხულავამ თავის პირველ ნამუშევარს. პრეზენტაცია 10 თებერვალს, წიგნის სახლში გაიმართა. ნოველებმა, რომლებიც მწერალმა მზის შუქზე გამოფინა, მკითხველის დაინტერესება და სიყვარული უკვე მოიპოვა.

„დინას ყველა იცნობს, მისი ნაწერების მიხედვით. დინა არის ადამიანი, რომელმაც დაგვბურძგლა, ცრემლი მოგვადინა, გვაცინა და სიცარიელე შეგვივსო”, – განაცხად წიგნის „მზეზე გაფენილი ამბები” რედაქტორმა თემურ სირაძემ.

„დინა არის ძალიან დიდი პიროვნება, დიდი ენერგია და მრავალმხრივი აზროვნება აქვს. დინას ენერგიას და მის სულს ვერ იტევს მისი სხეული. ხუთჯერ დიდი სხეული რომ ჰქონდეს, მაინც ვერ დაიტევს. თვითონაც არ იცის, რა ნიჭის პატრონი არის. „მზეზე გაფენილი ამბები” ნოველაა, მაგრამ ამავდროულად იმხელა მასშტაბებს იტევს, რომ ბევრ სქელტანიან წიგნს აჯობებს.

მინდა ვისურვო, მცხეთის ხელისუფლება მიხვდეს, რომ დინამ უნდა წეროს და ის უნდა იყოს მცხეთაში”, – განაცხადა დინა მირცხულავას მეგობარმა თამაზ შანავამ.

„ბატონმა თამაზ შანავამ ბრძანა, რომ დინა უნდა იყოს მცხეთაში… მაპატიეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დინა ოჩამჩირეში უნდა იყოს და დინა იქნება ოჩამჩირეში! დინასთან ერთად ჩვენ ყველანი ვიქნებით ოჩამჩირეში და ვიქნებით აფხაზეთში! დინამ იქიდან უნდა წეროს ის ტკივილი, რა ტკივილითაც წამოვიდა აფხაზეთიდან”, – განაცხადა მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა.

„უძალიანესად მიყვარს დინა, პიროვნებაა ასეთი და იმიტომ. სხვანაირი სითბოთი მზრუნველი. თვითონაც ხომ არ აქვს დალხენილი ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, რაღაცით გვერდში დაგიდგეს, მოგეხმაროს, ლუკმა გაგიყოს. საოცარი პიროვნებაა. ამ პატარა გოგოში უზარმაზარი ძალაა. თვალსა და გულს ვერ მოწყვეტ, ისე წერს, ეს უკუღმართი გოგო. საოცარ რაღაცას აკეთებს. ალბათ, თვითონაც არ იცის, როგორ ახერხებს ამას. გადაგიყვანს, გადაგღვრის თავის თავში და ერთად გამოხვალთ ბოლოს მშრალზე, ან ორივე ერთად დაიხრჩობით”, – განაცხადა პოეტმა საშა გველესიანმა.

„ბედნიერი ვარ, ძალიან ნიჭიერი შვილი მყავს და ყველა რომ იცნობს და პატივს სცემენ, ძალიან მიხარია. ბავშვობიდან წერდა, დახევდა და გადააგდებდა. ვეტყოდი ხოლმე, შეინახე, შეიძლება დრო მოვიდეს და დაგჭირდეს… სულ წერდა, კითხულობდა… ძალიან ნიჭიერი იყო სკოლაშიც და მეც ბედნიერი ვიყავი. ყველა დედას უხარია, როცა ბავშვი სწავლობს და წარმატებულია”, – განაცხადა დინა მირცხულავას დედა ელენე კვატანიამ.

დინა მირცხულავა მკითხველს კვლავ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს, მწერლები კი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

„ვეხმარებოდი დედას წიგნის წერის პროცესში. ვწერდი ან ვკარნახობდი ხოლმე. სულ ვეხმარები, მით უმეტეს, ჩემთან ფარ-ხმალს არასდროს არ ყრიდა, ზრუნავდა ჩემზე. ვამხნევებდი, სულ მის გვერდით ვიყავი და უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა თავს. ძალიან მიყვარს დედაჩემი”, – განაცხადა დინა მირცხულავას შვილმა ილია გამეზარდაშვილმა.

„წიგნის გამოსვლის იდეა ეკუთვნოდა ჩემს მეგობარს, თემურ სირაძეს. მისი დიდი მონდომება იყო, რომ ყველაფერი აკინძულიყო ერთ წიგნად და მგონი, საბოლოოდ გამოვიდა. ვმუშაობდი ძალიან ცოტა ხანს, დაახლოებით, 6-7 თვე და ყველაფერი ისე ადვილად დალაგდა, არც ველოდით, ასე მოკლე დროში თუ დაიბადებოდა „მზეზე გაფენილი ამბები”. ძალიან დაბნეული ვარ მოულოდნელობისგან, ამდენ ადამიანს მართლა არ ველოდი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სრული ანშლაგით ჩაიარა და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა წიგნის დაბადებაში, ვინც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა. მადლობა ჩემს მეგობრებს, რედაქტორებს და ძალიან დიდი მადლობა გიორგი ქსოვრელს წიგნის დაფინანსებისთვის.

ვიზიარებ ადამიანების შეგონებას, რომ უნდა ვწერო და ვწერო, ალბათ, წლის ბოლოსთვის კიდევ იქნება ერთი ახალი წიგნი”, – განაცხადა ჟურნალისტმა და მწერალმა, „მზეზე გაფენილი ამბების” ავტორმა დინა მირცხულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები