ბოკერია სააკაშვილის განცხადებაზე: რაც გუშინ ვიხილეთ, იყო გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა

რაც გუშინ ვიხილეთ, იყო გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.

გიგა ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, მათი თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს.

„თან საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისკენ მოგვიწოდებს, თან იძახის არჩევნებით ივანიშვილის დამარცხებას აზრი არ აქვს, ეგ არ გამოვაო. თან ერთიანობაზე საუბრობს, თან ბინძურ ცილისწამებას აგრძელებს „ასავალ-დასავალის“, „ქართული ოცნების“ სტილში. თან იძახის, რომ მე თუ ქართულ ციხეში აღმოვჩნდიო, რაც, მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდებაო. ესე იგი, ქართველი ხალხი იტანს ქვეყნის დანგრევას 5 წელია, უბრალოდ, მის დაჭერას ვერ აიტანს. ეს რა ლოგიკაა? მისი დამოკიდებულება ასუსტებს თანამშრომლობის შესაძლებლობას, ამაზეა საუბარი, თორემ პროდასავლური ოპოზიცია უნდა თანამშრომლობდეს, ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ეს თანამშრომლობა ვერ იქნება სააკაშვილის ფიგურის გარშემო თანამშრომლობა, რაც დადასტურდა გუშინდელი მისი გამონათქვამებით,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები