მარიკა გერსამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდებს, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა გადაიხედოს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მარიკა გერსამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდებს, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა გადაიხედოს.
როგორც მარიკა გერსამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება მასწავლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

”ფინანსური წახალისება კვლავ განუხორციელებელ ოცნებად დარჩა საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 99 %-ისთვის (ესენი არიან პრაქტიკოსი, წამყვანი და სპეცმასწავლებლები). შექმნილ ვითარებაში მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ მასწავლებლების დანამატი უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. სინამდვილეში: ფინანსური წახალისება შეეხო მასწავლებლების 1 პროცენტზე ნაკლებს. საქართველოში 64 ათასამდე მასწავლებელია და საუბარია 0,3 პროცენტზე. ეს ნიშნავს, რომ არაფერი შეიცვალა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომელთა რაოდენობა 44 570 -ია და უფროსი მასწავლებლებისთვის, რომელთა რიცხვი 18 090 -ს შეადგენს. მათ შორის არიან ისინიც, ვისაც ჩაბარებული აქვთ შესაბამისი გამოცდები და უკვე ხელოვნური ბარიერების შედეგად, მათი ხელფასი წლების მანძილზე კვლავაც უცვლელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეცმასწავლებლებისადმი (მათი რაოდენობა 1500-მდეა) არსებული დამოკიდებულების შეცვლა. ისინი მუშაობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აქვთ ყველაზე მიზერული, 260-ლარიანი ანაზღაურება. ამასთან, მათ არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათით, არ აქვთ ხელფასის გაზრდის რაიმე თეორიული პერსპექტივაც კი. ამიტომ, მოვუწოდებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს, შეცვალოს სახელფასო დანამატების გაცემის პოლიტიკა და სკოლებში დანერგოს სამართლიანი წახალისების სისტემა. მნიშვნელოვანია, მოიხსნას ხელოვნური ბარიერები, რაც მასწავლებლებს დამატებით სტრესში ამყოფებს (მაგ: დანამატი არ იყოს დამოკიდებული საათობრივ დატვირთვაზე), სამინისტრომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და პრაქტიკოს და უფროს მასწავლებლებს დაპირებისამებრ, დაუნიშნოს სახელფასო დანამატები (800-დან 1000 ლარამდე); დროულად წამოადგინოს დაპირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომ შესაძლებელი გახდეს, მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოს მათ, ვინც სკოლებში მუშაობს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. საკანონმდებლო ცვლილებებამდე კი, სპეც-მასწავლებლების ფინანსური წახალისებისთვის, მოხდეს სკოლების მიზნობრივი სუბსიდირება და რეკომენდაცია მიეცეთ დირექტორებს სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე;
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ჩაერთოს ცვლილებათა განხილვის პროცესში“, – განაცხადა მარიამ გერსამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები