ირაკლი კობახიძე: მთავარია დავაჩქაროთ გაწევრიანება ნატო-ში და ეს გაკეთდეს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით

„თუ არ დაზიანდება ჩვენი ეროვნული ინტერესები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას ნატო-ში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
ხოლო პრიორიტეტებში შედის თუ არა ის, რომ საქართველო შევა ნატო-ში და ალიანსის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა საკითხი შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. მისივე თქმით, მთავარია პოლიტიკური ფასი არ გავიღოთ ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
“ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს პრიორიტეტი და მიზანი არ გადაიხედება არც ერთ შემთხვევაში. რაც შეეხება დათქმებს, ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. მთავარია, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ჩვენი გაწევრიანება ნატო-ში და ეს გაკეთდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენ პოლიტიკური ფასი არ გავიღოთ ეროვნული ინტერესების საზიანოდ“,-აღნიშნა თავმჯდომარემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აშშ-ში ვიზტის ფარგლებში, ნატო-ში გაწევრიანება ამერიკელ კოლეგებთან საუბრების ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო.
„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ვატარებთ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებიც გვაახლოებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ღირებულებებთან, რომლებსაც ეფუძნება ნატო. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს აღებული ნატო-ს მიმართ, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილებები და რეფორმები არის საჭირო ჩვენი სახელმწიფოების შემდგომი გამტკიცებისთვის. ჩვენ გვინდა სწრაფი წინსვლა და იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ის განაცხადი, რომელიც გაკეთდა ბუქარესტის სამიტის დროს და ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები