პროკურორი არ გამორიცხავს, რომ პაატა ბურჭულაძე მოწმის სახით კიდევ დაიკითხოს

პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა კორექტულად და საქმიან ვითარებაში ჩატარდა.
მისივე თქმით, დაკითხვის შემდეგ გამოძიების ინტერესები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თუმცა, გამოძიებამ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო.
„რამდენიმე ნაწილს დამაჯერებლობა აკლდა. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე თბილისში ყოფნისას ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, ასევე ფონდის თანხებით არის ანაზღაურებული ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები. ამ საკითხებზე ამომწურავი პასუხები არ ყოფილა“, – განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.
პროკურორის ინფორმაციით, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის გამოკითხვაზე, პარტიისთვის თანხების გადაცემის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
მისი განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაისვა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები, რაც უკავშირდება პაატა ბურჭულაძის ფონდში 2006 -2016 წლის ჩათვლით პერიოდში საქმიანობას.
კითხვაზე, დაიხურება თუ არა ფონდის საქმის გამოძიება, მაია ჯვარშეიშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.
„შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება შემდგომი ნაბიჯების და შემდგომი სამართლებრივი შედეგების. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, გაანალიზდება ყველა მტკიცებულება, რომელიც საქმეშია და მიეცემა შესაბამისი შეფასება, მათ შორის რამდენად მიზნობრივად იყო გახარჯული ფონდ „იავნანას“ კუთვნილი თანხები, ვისი საქმიანობის შედეგად განხორციელდა ესა თუ ის ქმედება და შესაბამისი შეფასების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება. შესაძლებელია დადგეს მოწმის ისევ დაკითხვის აუცილებლობა“, განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები