“თივაში დამალული ფიცრები” – ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი ახალციხეში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ აწყურის მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე ვიზალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13.2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს.
მძღოლმა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს ახალციხის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.