გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელი იდენტიფიცირებულია

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედი” იუწყება. აღნიშნულ ინფორმაცია შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

მაუწყებლის ცნობით, თავდამსხმელის მთავარი სამიზნე სწორედ ახალგაზრდა კაცი იყო და მკვლელს და გრიგოლ გუგეშაშვილს შორის წლების განმავლობაში დაპირისპირება გოგოს გამო არსებობდა.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი წლების წინ ერთმანეთს თბილისის ზღვაზე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი, “ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსულმა კი შური იძია.

სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის ბიძა, მეგობარი გოგო და მეზობლები, რომელთა ერთი ნაწილის განცხადებით, მათ დაინახეს მკვლელი ლურჯი ფერის ქურთუკში.

არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თავდამსხმელი დაჭრილია და მან დანაშაულის ადგილი დიღმის ტყე-პარკის გავლით დატოვა.

33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი საკუთარი ბიძის სახლში გადაასვენეს. თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში გუშინ დილით თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები