ლუკ კოფი: ჩემი შეთავაზება არანაირად არ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ამერიკული ფონდის Heritage-ის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ, იმ რეკომენდაციაზე გააკეთა დამატებითი განმარტება, რომლის შესახებაც მანამდე „ჰერიტიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.

„ამ ანგარიშის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ 2018 წელი არა მხოლოდ საქართველოში რუსეთის შემოჭრის ათი წლისთავია, არამედ – ნატო-ს ბუქარესტის სამიტის. ვფიქრობ, ახლა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, თუ როგორ დავაახლოვოთ კიდევ უფრო ნატო და საქართველო. მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ჩემი შეთავაზება არანაირად არ აყენებს ეჭვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ გაცხადებული აქვს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ნატო-ში წევრობის საკითხი ნატო-ს წესდების მე-5 მუხლით არ უნდა გავართულოთ. როგორც იცით, მე-5 მუხლი მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. ის, რაც მე აღვნიშნე ჩემს ანგარიშში არის ის, რომ ერთ დღეს, როდესაც ოკუპაცია მშვიდობიანად დასრულდება, ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე მე-5 მუხლის გარანტიები გავრცელდება“, – განაცხადა ლუკ კოფიმ იმ პრეზენტაციაზე, სადაც „ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ს და ევროპის ინტერესებში” მოხსენებით წარსდგა.

შეგახსენებთ, რომ ლუკ კოფიმ „ჰერიტიჯის ფონდის“ გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვა რეკომენდაცია, რომ საქართველო დაჩქარებულად გახდეს ნატო-ს წევრი და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები