ბაბუის მკვლელობისთვის შვილიშვილ გოგონას და მის მეგობარს 14-14 წლით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს, რომელმაც ბაბუა ჯერ მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლო ამ დანაშაულის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის ბრალდებულებს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
წარდგენილი ბრალის თანახმად, მარიამ კ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახური დანაშაული, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით, ხოლო გიორგი გ.-ს, განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით.
ასევე, ორივე ბრალდებულს, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას ედავებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, მარიამ კ., საკუთარი ბაბუის განზრახ მოკვლისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, რომელიც მის საცხოვრებელ ბინაში ეგულებოდა, გიორგი გ.-სთან ერთად, ჯუმბერ კ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა.
ბაბუასთან, რომელთანაც მარიამ კ. წლების მანძილზე არ ურთიერთობდა, ბრალდებული თავდაპირველად მარტო შევიდა, ხოლო მოგვიანებით გიორგი გ. ჩუმად შეაპარა და სამზარეულოში დამალა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მარიამ კ.-მ ბაბუა კორიდორში გამოიყვანა სასაუბროდ, რა დროსაც გიორგი გ.-მ თანნაქონი დანით, ხოლო მარიამ კ.-მ სამზარეულოს დანით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც სახლში თანხა არ დახვდათ, გარდაცვლილის საფულიდან დაეუფლნენ 335 ლარს, სახლში გააჩინეს ხანძარი და დატოვეს შემთხვევის ადგილი.
ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა ცეცხლის წაკიდებით უძრავი ქონების დაზიანება-განადგურების ნაწილში აღიარეს ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილში, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულების წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.
სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების, სხვადასხვა საექსპერტო დასკვნების, ვიდეომასალის, ამოღებული ნივთმტკიცებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მარიამ კ.-ს და გიორგი გ.-ს მიერ, ჯგუფურად განზრახი მკვლელობის ჩადენა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურება, ხოლო ბრალდებულები განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ნაწილში გაამართლა – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 13 მაისს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევა თბილისში ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები