ვინ არის უცოლო, სიმპათიური გინეკოლოგი და რას პასუხობს ირაკლი ვერულაშვილი თაყვანისმცემელ ქალთა არმიას

ვინ არის სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული და სიმპათიური ექიმ-გინეკოლოგი, რომლის ფოტოს 9 000-ზე მეტი მოწონება, 720 გაზიარება და 600 კომენტარი აქვს?!

30 წლის ირაკლი ვერულაშვილი განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დ. გაგუას კლინიკის პიარ-მენეჯერმა ექიმების ფოტოები კლინიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა. ირაკლი ვერულაშვილი 2017 წლის გამოკითხვებში, ყველაზე სიმპათიური ექიმების ტოპ ხუთეულის პირველ-თანრიგოსანია.

შეთანხმებული ინტერვიუ, სასწრაფო ოპერაციის გამო, 1 საათით გადაიდო. პაციენტს სისხლდენა ჰქონდა. რთული და წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ინტერვიუს არ თანხმდებოდა, თუმცა, ჟურნალისტის პროფესიისადმი „პატივისცემა“ შევახსენე. ყველაზე სიმპათიური და ახალგაზრდა ექიმი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა.

დედისერთა, უცოლო, უმაღლესი განათლებით – ასეთია რჩეული სასიძო, ექიმ-გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი. 

ექიმის პროფესია სკოლის დასრულებისთანავე საკუთარი გადაწყვეტილებით აირჩია. თუმცა, ექიმების ოჯახში გაიზარდა. თბილისის 55 -ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო. ორდინატურა უკრაინის დედაქალაქ კიევში გააგრძელა, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა. გარდა ამისა, უკრაინაში სხვადასხვა კლინიკაში პრაქტიკები გაიარა. ამის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა და დ.გაგუას სახელობის კლინიკის ექიმ-გინეკოლოგი გახდა.
-როგორ აღმოჩნდით დ.გაგუას სახელობის კლინიკაში?
– რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, კლინიკაში გამოცხადებული იყო ვაკანსია, მოვედი შემაფასეს და მიმიღეს. უკვე 4-5 წელია, კლინიკაში ვმუშაობ.
-ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენ ფოტოს სოციალურ ქსელში, თუ გაეცანით კომენტარებს?
-სათითაოდ კომენტარები არ წამიკითხავს, მაგრამ ზოგადად, ვიცი.
-როგორია იყო თქვენი დამოკიდებულება ამ კომენტარებზე? უმრავლესობა თქვენდამი დიდ სიყვარულს გამოხატავს…
-სასიამოვნოა, ისეთ საქმეს ვემსახურები, რომ ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად კარგად ვაკეთო. ზოგადად, სოციალური ქსელი ისეთია, რომ თუ კარგ რაღაცეებს წერენ, სასიამოვნოა და მისაღები.
-როგორ აფასებთ საკუთარ თავს, _ ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა თუ პროფესიონალი ექიმი?
-რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პროფესიაა. სიმპათიურობა რომ მდომოდა, კონკურსებზე გამოვიდოდი – „მისტერ საქართველო“. ეს განაპირობა სოციალურმა ქსელმა თორემ, სიმპათიურობა არაფერ შუაშია, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ეს გამოხმაურება, უბრალოდ, თანხვედრია.
– სხვათაშორის, იმ კომენტარებში თქვენი ყოფილი პაციენტებიც დადებითად გაფასებენ, მართლა გულისხმიერი ბრძანდებით პაციენტების მიმართ?
– რადგან დადებითად მაფასებენ, ეს რა თქმა უნდა, ჩემშიც დადებით ემოციას იწვევს.
– როდესაც პაციენტი მოდის, რა თქმა უნდა, მას გულთბილად უნდა შეხვდე და ამასთან, პროფესიონალურადაც უნდა დაეხმარო, იმ საქმეზე, რაზეც არის მოსული, მას შესაბამისად უნდა მოემსახურო, ბოლომდე უნდა მიიყვანო ის საქმე.
-სოციალურ ქსელში თქვენ ფოტოს იმდენი მოწონება აქვს, რომ ზოგიერთი მომხმარებელი მზად არის, თქვენგან შვილი გააჩინოს. თუ წაგიკითხავთ ასეთი კომენტარები?
-არ ვიცი რა გიპასუხოთ, უკომენტაროდ დავტოვებ.
-მას შემდეგ, რაც თქვენმა ფოტომ ასეთი გამოხმაურება გამოიწვია, პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა თქვენ კლინიკაში?
-ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქმიდან გამომდინარე, პაციენტების მომართვიანობა არც ადრე აკლდა გაგუას კლინიკას და არც ახლა. იმიტომ, რომ აქ გარეგნულ იერს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, აქ მთავრი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია – პროფესიონალიზმი
-თქვენს პრაქტიკაში, ხომ არ გაიხსენებთ ისეთ ოპერაციას, რამაც ემოციურად ძალიან იმოქმედა თქვენზე?
-ასეთი კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება, მაგრამ მძიმე შემთხვევები და მძიმე პაციენტებიც მყოლია, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულებულა.
-სიტყვაძუნწი ბრძანდებით?
-გააჩნია ვისთან. უცნობ ადამიანებთან შეიძლება საუბარი მიჭირდეს.
-პროფესიის მიღმა, როგორია ირაკლი ვერულაშვილი?
-მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, ხელოვნებასთან ვერ ვმეგობრობ, არც ვმღერი და არც ვცეკვავ. მიყვარს წელიწადის ნებისმიერი დრო. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს თხილამურებთან.
-დაბოლოს, ყოფილა შემთხვევა როდესაც პაციენტი თქვენით უკმაყოფილო აღმოჩნდა?
-ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, მაგრამ ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო ნებისმიერი პაციენტისთვის და კლინიკიდან კმაყოფილი წავიდეს.
-თქვენი მომავალი გეგმებიც გაგვაცანით…
-ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობ, არსად წასვლას არ ვაპირებ, თუმცა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ნებისმიერ პროფესიულ ტრენინგზე ვგეგმავ მონაწილეობას.
-წარმატეტებს გისურვებთ!
იზა შაქარაშვილი
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები