მარიამ ჯაში და აკაკი ზოიძე გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრებს (IAP) შეხვდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველო არ შედის 2016-2030 გლობალური სტრატეგიისა და საბჭოს მიერ იდენტიფიცირებული პრიორიტეტული ქვეყნების სიაში, IAP საბჭოსთან თანამშრომლობა შესაძლოა გახდეს საწინდარი, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიღწევების გაზიარების ასევე, საქართველოში დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის კუთხით დამატებითი რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით.

კომიტეტების თავმჯდომარეებმა IAP საბჭოს წევრებს გააცნეს, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევები, ასევე ინოვაციური დაფინანსების თვალსაზრისით საქართველოს გამოცდილება და გლობალური თანამშრომლობის ხედვა.

„ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრებისთვის გაგვეზიარებინა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი როგორც საყოველთაო ჯანდაცვის ასევე, გლობალური პროგრამებისა  და დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც საქართველომ ბოლო 25 წლის მანძილზე გაიარა. საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით საქართველოს გამოცდილება ექსპერტთა საბჭოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

ქართველმა კანონმდებლებმა სტუმრებს ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის ხელშესაწყობად, საქართველოს სოლიდარობის ფონდის გამოცდილება და თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის (TISIFF Recommendations) რეკომენდაციები გააცნეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის ხელშესაწყობადაა მიმართული. განვიხილეთ ახალი პარტნიორული დახმარების ფონდების მოზიდვის შესაძლებლობები ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა დედათა, ბავშვთა და მოზარდების ჯანმრთელობა. ასეთი გლობალური ფონდებით დაფინანსებული იქნა შიდსის, მალარიის და ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამები. იმუნიზაციის გლობალური ფონდის მეშვეობით ქვეყანაში პროგრამით შემოტანილი იქნა ახალი ვაქცინები. შეხვედრაზე ასევე, განვიხილეთ ახალი შესაძლებლობის  საკითხები, რათა საქართველოსთვის მომავალში დამატებითი დახმარება იყოს გამოყოფილი ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელიც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას ეხება”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

საქართველოსთვის IAP საბჭოსთან მუშაობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე, საქართველოს გამოცდილება ინოვაციური დაფინანსების თვალსაზრისით და 2017-2018 წლებში საქართველოსთვის მინიჭებული ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი.

„მიმდინარე წელს საქართველო ინოვაციური დაფინანსების კუთხით არის გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყანა. სტუმრებს გავაცანით თბილისის ფორუმის  რეკომენდაციები, რომელიც ახალი გლობალური ხედვა ხდება იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს  ფინანსური რესურსების მობილიზაცია ათასწლეულის განვითარების მიზნებისთვის.

შეხვედრაზე მხარეები, ახალგაზრდების ჯანმრთელობის კუთხით რეკომენდაციების გაზიარებაზე და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც ქვეყანას საინტერესო, გლობალური ჯანდაცვის ინიციატივის დანერგვის საშუალებას მისცემს.

„ეს იყო პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გაეროს საბჭოსთან ჩვენ ახალი თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს. მორიგი შეხვედრებისას ეტაპობრივად,  ჩვენ შევძლებთ, რეალურად დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდობის  ჯანმრთელობის ახალი, მნიშვნელოვანი ინიციატივები დავიწყოთ”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭომ პარლამენტის წევრებს გაეროს საბჭოს მიერ შესრულებული სამუშაოების პროგრესი გააცნეს.

„შეხვედრაზე ჩვენ გავეცანით თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ. თქვენი ქვეყნის გამოცდილება შეტანილი იქნება გლობალურ ანგარიშებში. გენერალურ მდივანს ექნება შესაძლებლობა პირადად გაეცნოს რა კონკრეტულ პროგრესს მიაღწია საქართველომ ბავშვთა, დედათა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის კუთხით”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრმა, გიორგი ფხაკაძემ.

როგორც აღინიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენისა და ინოვაციურ დაფინანსებაში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანია   გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოსთან თანამშრომლობა.

გაეროს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, მაღალი დონის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭო „ყოველი ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობისათვის” 2016 წლიდან დაფუძნდა.

აღნიშნული საბჭოს მიზანია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასება აწარმოოს ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის გაეროს 2016-2030 წლების სტრატეგიის განხორციელების პროცესში. საბჭოს რეკომენდაციებით შესაძლებელი ხდება დაბალი და საშუალო შემოსავლის პრიორიტეტული ქვეყნებისათვის დამატებითი ტექნიკური და ფინანსური რესურსების მობილიზაცია დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშესაწყობად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები