თბილისში, კლინიკის თანამშრომელი ფსიქოტროპული ნარკოტიკის გაყიდვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლაა, ჩვენი მიზანია დროულად აღიკვეთოს მისი გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ჭელიძის თქმით, რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა “კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის” ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე  დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ  საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ „ლირიკა”-ს 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი მათ შორის 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი” და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება“,- განაცხადა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები