შსს-მ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გავხსენით,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ჩადენილი დანაშაული კი 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა,  მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1980 წელს დაბადებულ  დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით  სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა,  რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის  ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე  მუხლით და 236 -ე მუხლით. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები