ბესელია „ბირჟა მაფიის“ საქმეზე: გადაწყვეტილების შეწყვეტა ნიშნავს, რომ კონტროლის მექანიზმი მუშაობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ბირჟა მაფიის“ საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც ზედამხედველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შეწყვეტის თაობაზე და ასაბუთებს რატომ, ეს ნიშნავს, რომ ზედამხედველობის კუთხით კონტროლის მექანიზმი მუშაობს.

ბესელიას მიაჩნია, რომ პროკურატურამ საქმე სამართლიანად შეწყვიტა.

“იქ, სადაც პროკურატურამ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, ვფიქრობ, ეს არის კარგი მაგალითი იმიტომ, რომ ის არის ზედამხედველი გამოძიებაზე. როდესაც ზედამხედველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საქმის შეწყვეტის თაობაზე და ასაბუთებს რატომ, ეს შეიძლება იყოს მტკიცებულებათა ნაკლებობა ან გარკვეული პროცედურული საკითხები, ეს ნიშნავს, რომ ზედამხედველობის კუთხით კონტროლის მექანიზმი მუშაობს. ასეთ სამართლიან გადაწყვეტილებებს მე მივესალმები”, – განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც მთავარი პროკურორის ანგარიში უნდა მოისმინონ, კონკრეტული საქმეები განხილული არ იქნება, თუ ამ საქმეებით გარკვეული ტენდენცია გამოკვეთილი არ არის.

“ანგარიშის მოსმენის დროს, ჩემთვის პირადად, არის საყურადღებო ანგარიშიდან ანგარიშამდე, წლიდან წლამდე ტენდენციები, რა იცვლება, სად გვაქვს წინასწარი პატიმრობის გამოყენების შემცირებით საინტერესო ინფორმაცია, არასრულწლოვანთა დანაშაულის კუთხით. არამხოლოდ ციფრებს ვისმენთ, შინაარსობრივად არის საინტერესო, რა იცვლება. ჩემი ინტერესი და კითხვები აქეთ იქნება მიმართული.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ამ ფორმატში კონკრეტული საქმის შედეგების და შინაარსის თაობაზე ინფორმაციის მოწოდება არ ხდება. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც კონკრეტული საქმეების განხილვაა შესაძლებელი. არ იქნებოდა მართებული და ამით საპროკურორო საბჭოს დაეკარგებოდა შინაარსი და მანდატი, რისთვისაც ის არის შექმნილი. მაგრამ თუ არსებობს რამდენიმე საქმიდან გამომდინარე რაღაც ტენდენცია, რომელზედაც საჭიროა მეტი ინფორმაციის მიღება, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს”, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭო ამ წუთებში მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ანგარიშს ისმენს, რომელიც 2017 წლის მეორე ნახევარს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები