მარიამ ჯაში: მანდატურების სამსახურს ქმედითი მოქმედების უფლება უნდა მივანიჭოთ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, ხვალ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სამუშაო რეჟიმში, დეტალურად განიხილავენ აღნიშნულ კანონპროექტს. მისი თქმით, მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, თუმცა საჭიროა მკაცრი საზღვრის დაცვა.

„რეალურად ჩვენ ვშიშობთ, თუ როგორ შეიძლება სკოლაში ჩაიწეროს იგივე დაყოვნების თემა, მაგრამ მეორე  მხრივ,  ქმედითი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება მანდატურის სამსახურს, რომ ვთქვათ, იარაღიანი ბავშვი ელემენტარულად შეაჩეროს დანაშაულის ჩადენიდან.  ჩვენ, რეალურად ქმედითი მოქმედების  უფლება  უნდა მივანიჭოთ მანდატურების სამსახურს, თუმცა ბუნებრივია, უნდა დავიცვათ მკაცრი საზღვარი, რომ საპოლიციო რეჟიმს ნამდვილად არ დაემსგავსოსო ეს სისტემა”,-განაცხადა  მარიამ ჯაშმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მთავარია მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს სკოლის უსაფრთხოების თემის  კანონის დონეზე დარეგულირება.

მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული თემა კომპლექსურია და მოითხოვს ერთიანი კონცეფციის შემუშავებას.

„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ერთიანი კონცეფცია. ეს უნდა იყოს რამდენიმე პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც მანდატურის სამსახურის რეფორმას, ასევე ფსიქოლოგებისა და მშობლების ჩართულობას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას –  იარაღის ხელმისაწვდომობის საკითხი”,- აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა, კომიტეტის სახელით, მზადყოფნა გამოთქვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდნენ. შეხვედრას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები