აკაკი გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2“–ზე: არხი ასოცირდებოდა „ნაციონალებთან“, მე კი არ ვარ „ნაციონალი“

„რუსთავი 2“-ზე რომ სიტუაცია გაფუჭდა, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, არაერთი კონფლიქტი მქონდა ადმინისტრაციასთან, მაგრამ როცა მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, შეგუება გამიჭირდა – ამის შესახებ ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი გაზეთ „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„მეუბნებოდნენ ასეთი არ გვინდა, ან ეს თემა საერთოდ არ გვინდაო. სანამ იქამდე მივიდოდით, რომ დაევალებინათ, რა უნდა გამეკეთებინა, ჩავთვალე, რომ ჩემი გზა უნდა მეპოვა. დიდად არ მიძებნია, რადგან ამ ბაზარზე დიდი არჩევანი არც არის, „რუსთავი 2“-ის ალტერნატივა, თავის სიდიდით და რეიტინგით „იმედი“ ჩემთვის მიუღებელია. რა მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლების მხარეს იქნება არხი გადახრილი, თუ რომელიმე პარტიის გემოვნების მხარეს. რომ გამოჩნდა „იბერია“, პირველივე მომენტიდან დავთანხმდი“, –ამბობს ჟურნალისტი.
ჟურნალისტი ინტერესდება, რატომ არ გამოუხატავს პროტესტი გოგიჩაიშვილს „რუსთავი 2“– ში მუშაობისას, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში.
„მაშინ ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. კრიტიკული თემები იშვიათად მოდიოდა ჩვენამდე, მერე აღმოჩნდა, რომ ბიზნესზე ზეწოლა იყო, მაგრამ თავად ბიზნესმენები ამის შესახებ ჩვენთან არ ლაპარაკობდნენ. ჩვენ თუ რამეს გავიგებდით, ვუკავშირდებოდით, მაგრამ უარყოფდნენ, გვთხოვდნენ არაფერი გვეთქვა. კრიტიკულ სიუჟეტებს მაშინაც ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ სადღაც სიღარიბე იყო, პრობლემა იყო, მაგრამ ვიღაც რომ ღამე მიჰყავდათ და ქონების გადაფორმებაზე ხელს აწერინებდნენ, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა“ –აცხადებს გოგიჩაიშვილი.
გოგიჩაიშვილი მის მიერ ნიკა გვარამიას თაობაზე გამოთქმულ პოზიციასაც განმარტავს.
„შეიძლება კარგი სპორტსმენიც იყოს და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ის არხის მენეჯერია და ეს უნდა გაითავისოს. როცა ამ დროს გამოდიხარ პოლიტიკური განცხადებებით და გარკვეული მიმართულებით, შენ დარტყმის ქვეშ აყენებ მთელ არხს და ყველა ჟურნალისტს. არხი ასოცირდებოდა „ნაციონალებთან“. მე კი არ ვარ „ნაციონალი“, არც არასდროს ვყოფილვარ, არც მათი მხარდამჭერი ვარ“ –აცხადებს გოგიჩაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები