„შიდსი და „ც“ ჰეპატიტი 2 ლარად! – სილამაზისა და ტატუს სალონები ინფექციის კერა

„შიდსი და „ც“ ჰეპატიტი 2 ლარად! – გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძესთან ინტერვიუს სთავაზობს.
მადონა კოიძე ინტერვიუში დედაქალაქის სილამაზისა და ტატუ სალონებში არსებულ სიტუაციებზე საუბრობს.
გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რედაქციაში ხანდაზმული მამაკაცი მივიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სალონში თმა შეიჭრა, კანის ექიმთან მკურნალობის სრული კურსი დასჭირდა.
ამ მამაკაცის პრობლემას მადონა კოიძე ინტერვიუში პასუხობს:
„ახია, თუ დასნეულდება კლიენტი, რომელსაც არ გააჩნია პროტესტი, როცა სხვისი თმებით სავსე სავარცხლით ვარცხნიან!“ – დასძენს მადონა კოიძე.
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ისეთ ინფექციურ დაავადებას, როგორიცაა „ც“ ჰეპატიტი, ბრძოლა გამოუცხადა, არ იქნება შედეგი, თუ სახელმწიფო ამ დაავადების გავრცელების თავდაპირველ კერას უყურადღებოდ დატოვებს.
მისი თქმით, დედაქალაქის სილამაზისა და ტატუს სალონებში ძალიან მაღალია „ც“ ჰეპატიტისა და შიდსისის ვირუსის გავრცელების ალბათობა.
მადონა კოიძის ინფორმაციით, თბილისში არის სილამაზის სალონები, სადაც არ არსებობს კანალიზაციის სისტემა. მისივე თქმით, უარესი მდგომარეობაა თბილისის გარეუბნებში, პერიფერიებში.
„თბილისში წარმოუდგენლად საშიში მდგომარეობაა, პერიფერიებში – გაცილებით უარესი! დედაქალაქში ისეთი სალონებიც მინხავს, სადაც არ არსებობს კანალიზაციის სისტემა, არ აქვთ წყალი და მომსახურე პერსონალი იმის საშუალებასაც არის მოკლებული, რომ კლიენტის მომსახურების შემდეგ ხელი საპნით დაიბანოს. ასეთი სალონები მრავლადაა ვაგზლის მოედანზე, გადასავლელ ხიდზე. როდესაც სალონს ვამოწმებ, თვალში მხვდება იქ არსებული სიბინძურე. მომხმარებელი, რომელიც ამაზე თვალს ხუჭავს, არამხოლოდ დაზარალების კანდიდატია, არამედ ერთგვარი დამნაშავეც გახლავთ! მოკლედ, თუ ელემენტარული სისუფთავე არ არის, მომხმარებელმა ასეთ სალონში შესვლას თავი უნდა აარიდოს! მამაკაცისთვის განკუთვნილი საკრეჭი მანქანა, ასევე სავარცხელი და მაკრატელი ყოველი კლიენტის მომსახურების შემდეგ სადეზინფენქციო ხსნარით უნდა მუშავდებოდეს. ბაზარზე სადეზინფენქციო ხსნარების დიდი არჩევანია. ყველამ უთქმელად უნდა იცოდეს, რომ იმ სალონში, რომლის შესასვლელთან გასაშრობად პირსახოცებია გამოფენილი, შესვლა არ შეიძლება! კლიენტმა აუცილებლად უნდა მოიკითხოს პირსახოცების მარაგი, რომელიც ესთეტურ გარემოში უნდა ინახებოდეს. ყოვლად დაუშვებელია, ერთი კლიენტისათვის თავის გამშრალების შემდეგ, პირსახოცს მხოლოდ გაშრობა აკმარონ და მორიგ კლიენტს სხვისი გაწმენდილით მოემსახურონ“ – აცხადებს მადონა კოიძე.
ამასთან, მისი ინფორმაციით, თბილისის სილამაზისა და ტატუს სალონებში არ არსებობს ე.წ. ავტოკლავი, რომელშიც ხდება სამუშაო ხელსაწყოების სათანადოდ გასტერილება.
მადონა კოიძე მომხმარებლებს ურჩევს, რომ თუ სილამაზისა და ტატუს სალონებში ე.წ. ავტოკლავი არ არსებობს, თავი შეიკავონ მათ მომსახურებაზე და უარი განაცხადონ.
„ადმინისტრაციას უნდა გააჩნდეს სპეციალური წიგნი, სადაც დაწვრილებით იქნება დაფიქსირებული, რომელი ხელსაწყო რამდენი ხნის განმავლობაში იდო ავტოკლავში, რადგან თითოეული მათგანს გასტერილებისათვის საჭირო დრო მკაცრად აქვს განსაზღვრული. გასტერილებამდე ხელსაწყოები სადეზინფექციო ხსნარებით უნდა მუშავდებოდეს, ხოლო გასტერილების შემდეგ ერჯერად სპეციალურ სასტერილიზაციო ვაკუუმ-პაკეტში უნდა ინახებოდეს, რომელიც აუცილებელია, უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ გაიხსნას. თუ ასეთი რამ არ არსებობს, იქ შესვლა დაუშვებელია“ – აცხადებს მადონა კოიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები