„ბიუ ბიუ“ გაყინული ქათმის კანქვეშ პარაზიტების აღმოჩენის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ ბიუ ბიუს“ ქათამს შეუძლებელია გასჩენოდა ჭიები ან და პარაზიტები სანიტარულ და სამაცივრე პირობებში – ასე პასუხობს კომპანია „ბიუ ბიუ ” ერთ–ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მან გაყინული ქათმის კანქვეშ პარაზიტები აღმოაჩინა.
როგორც „კვირას“ „ბიუ ბიუში“ განუცხადეს, კომპანია მზადაა პროდუქტი მათ ან სხვა ნებისმიერ ლაბორატორიაში შემოწმდეს.
„სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ ბიუ ბიუს“ ქათამს შეუძლებელია გასჩენოდა ჭიები ან/და პარაზიტები სანიტარულ და სამაცივრე პირობებში. ჩვენი წარმოების პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია და მიმდინარეობს უმაღლესი კონტროლის ქვეშ, დაცულია ყველანაირი აუცილებელი სტანდარტი და პირობა, იმისათვის, რომ წარმოება იყოს საუკეთესო ხარისხის. საწარმოებში სისუფთავე და სანიტარული პირობები მაქსიმალურად დაცულია და მუდმივად მოწმდება. ამასთან ერთად, ყოველი პარტია მოწმდება ლაბორატორიულად და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი რეალიზაცია.
ქათმის ხორცში ჭიების თუ პარაზიტების გაჩენა შეუძლებელია, თუ ხორცი არ არის ბოლომდე დამპალი და გაფუჭებული, რაც წარმოუდგენელია მაცივარში, -18 გრადუსზე, სწორ პირობებში შენახულ ქათამს დაემართოს.
ჩვენ მზად ვართ, მომხმარებელთან ერთად, ჩვენს, ან ნებისმიერ ლაბორატორიაში გადავამოწმოთ პროდუქტი. ასევე მომხმარებელს შეუძლია მოგვიტანოს ქათმის ხორცი და აჩვენოს ჩვენს ხარისხის სამსახურს“, – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ ერთ–ერთი მომხმარებელი ირმა ბერძენიშვილი საბურთალოზე მდებარე მარკეტში შეძენილი გაყინული ქათმის კანქვეშ შავი, გრძელი პარაზიტების აღმოჩენის შესახებ საუბრობს.
როგორც ის განმარტავს, საუბარია „ბიუ ბიუს“ , უფრო კონკრეტულად კი „ნორიოს“ გაყინულ ქათამზე.
ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://kvira.ge/379295