საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით გაეროს ECOSOC-ის პრეზიდენტს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაცია გაეროს ECOSOC-ის პრეზიდენტს, მარია შატარდოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე ისაუბრეს.
პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულს მნიშვნელოვან პროგრესს. ასევე, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მთავარი ფოკუსი სწორედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგრადი განვითარებაა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, საქართველოს მიერ გაეროს დღის წესრიგი 2030-ის იმპლემენტაციის დადებით ტენდენციასაც შეეხო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის მოწვევის საფუძველზე, ქალბატონი მარია შატარდოვა 28-29 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, დღის წესრიგი 2030 დაესწრება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვანო ზარდიაშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე არიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა და ხორციელდება გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ელჩის, კახა იმნაძის მხარდაჭერით.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები