ირაკლი სესიაშვილი: აუდიტის სამსახურის ანგარიშში ძირითადად საქმე ადმინისტრაციულ ხარვეზებთან გვაქვს

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომის დაწყებამდე აუდიტის სამსახურის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც 2015-2016 წლებში თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ფინანსურ საქმიანობას ეხება. როგორც მან განაცხადა, ძირითადი ხარვეზები ადმინისტრაციული მმართველობის ხარვეზებითაა გამოწვეული.
მისივე თქმით, მთავარია, რომ საპარლამენტო კონტროლის ძლიერი მექანიზმი ამოქმედებულია.
“აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომელიც ეხება თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ფინანსურ საქმიანობას 2015-2016 წლებში. შემიძლია გითხრათ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, გარკვეული დარღვევები, თუმცა ძირითადი ნაწილი გამოწვეულია არასწორი ადმინისტრაციული მმართველობის გამო, არის ტექნიკურ დავალებებში ძალიან ბევრი შეცდომა, არის ჩაშლილი ტენდერები, არის რიგ შემთხვევებში არასწორი აღრიცხვიანობა, რაც უკავშირდება გარკვეულ არასწორ გამოცდილებას წლების მანძილზე. თავად ანგარიში არანაირად არ არის საგანგაშო, როგორც ეს სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ბატონმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნა. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება წინა ხელისუფლების ფინანსურ საქმიანობასთან. აქ ძირითადად საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ ხარვეზებთან, რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, მაგრამ არანაირ კატასტროფასთან არ გვაქვს საქმე, როგორც ეს აღინიშნა. საერთო ჯამში, მთავარია, რომ საპარლამენტო კონტროლის ეს ძალიან ძლიერი მექანიზმი ამოქმედებულია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები