შს მინისტრის დაპირება ქურდული სამყაროს წევრებს: ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებით

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  ქურდული სამყაროს წინააღმდეგ  საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინა,  რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კანონპროექტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს ეხება იმ ჩარჩოკანონმდებლობის ცვლილებას, რომელიც არეგულირებს ქურდული სამყაროს დანაშაულებრივ კომპონენტს.

კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალზედ დიდი რისკის შემცველი და  ეს არის ის კომპონენტი,  რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით: პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდობასთან მუშაობის და ჯანსაღი ცხოვრების მხრივ. ასევე, ის ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ალბათ ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ. სწორედ ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დღეს მუშაობს, შეიქმნა 2005 წელს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიურ დონეზე, სასამართლო სისტემის დონეზე და ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა შესაცვლელია.  ამ ცვლილების ძირითადი მიმართულება არის კონკრეტული დანაშაულებებისათვის  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება“,- აღნიშნა შს მინისტრმა.

გახარიამ ქურდული სამყაროს პასიურ წევრობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

„გარდა ამისა, ჩნდება ახალი ცნებები, როგორიცაა: ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ქურდული სამყაროს პასიურ წევრობა, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის. არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეც, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომელიც საჭიროა პირველ რიგში, ორგანიზებული დანაშაულის გამოწვევის საპასუხოდ და რა თქმა ჩვენი მიზანია  წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული“,-განაცხადა გიორგი გახარიამ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები