ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი მკაცრდება

საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისა  და იმპორტირებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N426-სა და „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებებში.

„ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მოქმედი რედაქციით, დაავადების, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით, საზღვარზე ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღება. თუმცა, სანამ ლაბორატორიული ანალიზი დასრულდება, საქონლის მფლობელს შეუძლია საქონლის მიმოქცევაში გაშვება. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საეჭვო წარმომავლობის სურსათი რთულად მიკვლევადია. შესაბამისად, საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების  შესაბამისად, ფიზიკური შემოწმებისას, განისაზღვრა კონკრეტული სახეობის პროდუქციის შეჩერების პროცედურები. საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N426 შესული ცვლილებების თანახმად, თუ იმპორტირებულ პროდუქტში, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი შეჩერდება ერთი წლის ვადით. სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ  შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს შეატყობინებს.

აღნიშნული ცვლილებები განაპირობა შემოსავლების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივმა ღონისძიებებმა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას და ეფექტიანმა კომუნიკაციამ, რის შედეგადაც, გასულ წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან შევიდა 32 შეტყობინება საზღვარზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და  სურსათის მონიტორინგისას, ლაბორატორიულმა კვლევებმა  სალმონელას და ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები