ირაკლი ზარქუა: უკომპრომისონი ვიქნებით იმ პირების მიმართ, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება

„უკომპრომისონი ვიქნებით ყველა იმ პირის მიმართ, ვისი ბრალეულობაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან  დაკავშირებით გამოიკვეთება“, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში დღეს დაგეგმილ ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს კომისიური განხილვის ფორმატში შეუძლია ყველა არსებულ კითხვაზე პასუხი მიიღოს. საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ ოპოზიციას მომხდარის დეტალების გარკვევა კი არ აინტერესებს, არამედ შოუს დადგმა სურს.

„როგორც კი შემთხვევის ადგილზე მივიდა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მაშინვე განაცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით უკომპრომისონი ვიქნებით იმ პირების მიმართ, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც დამნაშავეს თუ უდანაშაულო ადამიანს პიარისთვის პირდაპირ ეთერში ადებდნენ ბორკილებს და იჭერდნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, ჩატარდება გამოძიება და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ამასთანავე, დეპუტატი აცხადებს, რომ შეჩერებულია მეტროსადგურების შესაკეთებლად გამოცხადებული ყველა ტენდერი და  სარეაბილიტაციო სამუშაოები. ირაკლი ზარქუას თქმით,  სამუშაოები ხარისხიანად უნდა ჩატარდეს და თბილისის მოსახლეობას უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები