ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა

ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  წარადგინა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ  საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია.

„ამინისტროს ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის და დანაშაულად გამოცხადდეს მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა. სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს:

სასჯელის გამკაცრებას ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის;

აფართოებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს, კერძოდ, დანაშაულად ცხადდება:

ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა – სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიმართავს დავის მოგვარების ან/და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით;

ქურდული სამყაროს მხარდაჭერა – ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას;

ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა – თუ აქამდე არსებული კანონმდებლობით ამგვარი შეკრების ორგანიზებისთვის მხოლოდ კანონიერი ქურდები ან ქურდული სამყაროს წევრები ისჯებოდნენ, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც,  ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, მსგავს შეკრებას დააორგანიზებს ან მასში მონაწილეობას მიიღებს“,- აცხადებენ შსს-ში.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, „კანონიერ ქურდობაზე“  თავისუფლების აღკვეთა არის 7-დან 10 წლამდე, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ იქნება 9-დან 15 წლამდე, „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე არის თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე, იქნება – 7-დან 10 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები