ტრანსგენდერის ცემაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისთვის ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.

„ბ.ო.-ს ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქმე ეხება 2018 წლის 28 იანვარს გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით მ.ო.-ს ცემის ფაქტს, კერძოდ 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია რომ, სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმდინარე გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა“,- ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავცრელებულ განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 19 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები