გიგა ბუკია მარგველაშვილის ინიციატივაზე – პრეზიდენტი საშიშ თემას ეთამაშება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გიგა ბუკიას შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში, შეწყალების წესის გამარტივებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში კრიმინალის ზრდის საშიშროებას აჩენს.
როგორც ბუკიამ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, პრეზიდენტის მიერ დაანონსებულმა ინიციატივამ შესაძლოა, საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი არაკანონიერი ქმედებები, ასევე ნარკოდანაშაული წაახალისოს.
დეპუტატის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების წესის გამარტივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცალსახად მიიღო და მას შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციები არ გაუმართავს.
„პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით, საკმაოდ საშიშ თემას ეთამაშება, ზოგადად ყველა საკითხთან ლიბერალური მიდგომა გამოსავალი არ არის, გამოდის, რომ შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტმა სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და უფლებამოსილება გაიფართოვოს. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა საშიში ფორმები მიიღოს, განსაკუთრებით საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ, ასევე ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ნარკოტიკების მოხმარებისათვის მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანი იხდის სასჯელს, ისიც იმიტომ, რომ პირობითი ჰქონდათ ადრე მისჯილი. იმან, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა – შენახვა, ტრანსპორტირება პრეზიდენტის მხრიდან იქნება შეწყალებული, შეიძლება საკმაოდ გაზარდოს მსგავსი კრიმინალური ქმედებები. როგორც მოგეხსენებათ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საზოგადოების დამოკიდებულება ერთსულოვანი არ არის, ამიტომ საკვირველია, პრეზიდენტი რა პასუხს გასცემს იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებიც, პრეზიდენტის აღნიშნული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ნარკოტიკის კიდევ უფრო ინტენსიური მომხმარებლები გახდებიან. კრიმინალის ზრდის გამოძახილი არამხოლოდ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გახდეს, არამედ ინიციატივის დონეზე გაჟღერებული განცხადებაც, რადგან ადამიანებს გაუჩნდებათ მოლოდინი, რომ დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, პრეზიდენტი მათდამი ჰუმანური იქნება. ხაზგასასმელია, რომ გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების წესის გამარტივებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ცალსახად მიიღო და მას შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციები არ გაუმართავს. არამგონია ქვეყანას წაადგეს ასეთი მოქმედება. მის ადგილზე მე ბევრად უფრო ფრთხილი ვიქნებოდი“, –განუცხადა „კვირას“ გიგა ბუკიამ.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში, შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები