დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტის ინიციატივას ”ჰუმანიზმით შეფუთული წინასაარჩევნო კამპანია” უწოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის იმ ინიციატივას აფასებს, რომელიც არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესის ცვლილებას ეხება. ხუდაძემ აღნიშნულ ინიციატივას ”ჰუმანიზმით შეფუთული წინასაარჩევნო კამპანია” უწოდა.
დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს, მმართველი გუნდის მიერ დაწყებული ნარკოპოლიტიკის პროცესი სათავისოდ, წინასაარჩევნოდ გამოიყენოს.
„პრეზიდენტი ცდილობს ამით გაამართლოს, მის მიერ არაერთგზის გაურკვევლად გამოცემული შეწყალების აქტი”,- ამობს ხუნდაძე და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალებას მიესალმება, თუკი ეს არ ეხება ნარკოტიკებით მოვაჭრეებსა და გამავრცელებლებს.
„მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების მყისიერად შეცვლა მთლად სამართლიანად არ მეჩვენება. სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, დღეს მიღებული, არ შეიძლება გამთენიისას კომისიამ შეცვალოს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეავნდელ ბრიფინგზე განმარტა, რომ შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა – ტრანზიტისა.
„ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამრთლო ინსტანციაში, ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს”,- აღნიშნა ქორიძემ.