ომბუდსმენს, პრეზიდენტის ჰუმანურობასთან დაკავშირებით, რომელიც არაძალადობრივ დანაშაულს ეხება, კითხვები აქვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას აკრიტიკებს.
მისი თქმით, მას სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ამ ტიპის დანაშაულის განხილვისას, კომისია ფრთხილი უნდა იყოს.
”აქ საუბარია ორი ტიპის დანაშაულზე. ერთი არის ნარკოდანაშაული. ჩემთვის სრულიად მისაღებია, თუკი რეფორმის დასრულებამდე განიხილავს შეწყალების კომისია განსხვავებული მიდგომით იმ ტიპის დანაშაულს, რაც გულისხმობს ნარკოტიკების მოხმარებას და მცირე ოდენობით ფლობას და ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არ შეეხება დიდ ოდენობას ან გასაღების მუხლით მსჯავრდებულ პირებს, ეს ნამდვილად მისაღებია ჩემთვის.
გარკვეული კითხვები მაქვს მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რაც შეეხება სამოხელეო დანაშაულზეც ანალოგიური წესის გავრცელებას. მიმაჩნია, რომ მთელი რიგი დანაშაულები, რასაც სამოხელეო დანაშაული აერთიანებს, მათ შორის იგივე კორუფცია, უფლებამოსილების გადამეტება, მისი ბოროტად გამოყენება, მართლმსაჯულების ინტერესების წინააღმდეგ გარკვეული მოქმედებები – ასეთი ტიპის დანაშაულები ძალიან მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში, ამიტომ ალბათ ამ ტიპის დანაშაულების მიმართ კომისია გაცილებით უფრო ფრთხილი უნდა იყოს. მე, როგორც ამ კომისიის წევრი, თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად მივუდგები, ისე, რომ არ მოხდეს ამ ტიპის დანაშაულის მიმართ ლიბერალური მიდგომები ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ პირიქით, მთელ რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პოლიტიკა კიდევ უფრო გასამკაცრებელია და პირიქით, გვაქვს პრეტენზიები, რომ ამ ტიპის დანაშაულების ეფექტური გამოძიება არ ხდება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში, შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები